საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკომისარ შტეფან ფულეს საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა

მთავრობის კანცელარიაში  ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძისა და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

 

ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ და ევროკომისარმა შტეფან ფულემ ევროკავშირის დახმარების 2011-2013 წლების ეროვნული ინდიკატური პროგრამის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც საქართველოსთვის დახმარების სახით 2011-2013 წლებისათვის 180 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამით ევროკავშირი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანას, ფინანსურ მხარდაჭერას პრაქტიკულად უორმაგებს. აღნიშნული დახმარება მოხმარდება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ვაჭრობასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ რეფორმებს, რეგიონალურ განვითარებას, სიღარიბის დაძლევას,  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მხარდაჭერას.

 

ევროკომისარმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. გიორგი ბარამიძისა და შტეფან ფულეს შეხვედრაზე ამ შეხვედრების შედეგები შეჯამდა. ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობასა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის გაგრძელებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე. ამასთან, ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე, კერძოდ, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მნიშვნელობაზე და სამომავლოდ უვიზო რეჟიმის შემოღებაზე, ასევე, ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებასა და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების საკითხებზე.

 

შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკომისარი ფულე პასუხისმგებელია ევროკავშირის გაფართოებაზე.  ის ასევე წარმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩართულ ქვეყნებთან ურთიერთობებსა და თანამშრომლობას, რაც დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკის მოდერნიზაციისაკენ მიმართული რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ლისაბონის შეთანხმების რატიფიკაციისა და ევროკომისიის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების შემდეგ, ევროკომისრის რანგში ეს შტეფან ფულეს პირველი ვიზიტია საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

08-04-2010