×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გაზრდას ევროპარლამენტის 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, წინააღმდეგი იყო 114 დეპუტატი და 47 პარლამენტარმა თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დახმარების მექანიზმებსა და ფორმებზეა საუბარი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აღნიშნავს, ის გზავნილები, რომლებიც დოკუმენტშია გაშუქებული, ძალიან მნიშვნელოვანია. "უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ არის ევროკავშირ-საქართველოს საბოლოო მიზანი და უფრო გრძელვადიან მიზნებზე უნდა იყოს საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია ასევე მოწოდებები, რომლებიც გაკეთდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, რომ მან შეასრულოს საერთშორისო ნორმებით ნაკისრი ვალდებულება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ევროპარლამენტარებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ შემდეგი რეკომენდაციები მოამზადეს:

1. უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შეიქმნას ნდობის ფონდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სფეროში კერძო და საჯარო ინვესტიციებზე;
2. ასოცირებული ქვეყნებისთვის, რომლებმაც არსებით პროგრესს მიაღწიეს რეფორმების გატარების კუთხით, შეიქმნას „EaP+” მოდელი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორებს გაუხსნის გზებს საბაჟო კავშირისკენ, ენერგოკავშირისკენ, ციფრული კავშირისკენ, შენგენის სივრცისკენაც კი და გაუუქმებს სატელეფონო როუმინგ ტარიფებს;
3. ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც მიზანმიმართული იქნება მონოპოლიების გაუქმებისკენ, ოლიგარქების როლის შემცირებისკენ, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების აღკვეთისკენ;
4. გაგრძელდეს რუსეთზე კოლექტიური ზეწოლა, რათა მოგვარდეს კონფლიქტები აღმოსავლეთ უკრაინაში, აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ რეგიონებსა და დნესტრისპირეთში ;
5. აღმოსავლეთ უკრაინაში განთავსდეს ეუთოს მისია.


ერთ-ერთი ევროპარლამენტარის ლაიმა ანდრიაკინეს ხედვით, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს პრინციპით - მეტი მეტისთვის, რისი მიხედვითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ ქვეყნებს, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უნდა გაეხსნათ გზა შენგენის ზონაში, ერთიან საბაჟო კავშირში, ციფრულ და ენერგოკავშირში გაწევრიანებისკენ.

„როდესაც დრო მოვა, როდესაც საშინაო დავალება შესრულდება და საჭირო კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, მაშინ უნდა ვისაუბროთ ასოცირებული ქვეყნების შენგენის ზონაში, ერთიან საბაჟო კავშირში, ციფრულ თუ ენერგო კავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე. ეს ურთიერთობების გაღრმავებისა და მათთვის შესაძლებლობების მიცემის ვარიანტად უნდა განვიხილოთ. დიფერენცირებული მიდგომა მნიშვნელოვანია. ჩვენი რესურსი შეზღუდულია. უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით – მეტი მეტისთვის. ყურადღების კონცენტრაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე იმ ქვეყნებზე უნდა მოვახდინოთ, რომლებსაც ევროპულ გზაზე შესანიშნავი პროგრესი აქვთ. არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ახალი ევროპული გეგმა უნდა შევთავაზოთ, რომელიც მოიცავს ახალ საინვესტიციო გეგმას. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებასა და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა ლაიმა ანდრიაკინემ.

მიღებული რეზოლუცია დამტკიცებისთვის ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს გადაეგზავნება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და აჯამებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში წევრი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და განსაზღვრავს თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.

16-11-2017