×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
საქართველო და ევროკავშირი

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1992 წლიდანვე იწყება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2003 წლიდან ხდება, როცა საქართველო აქტიურად იწყებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ამ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი კი 2014 წლის 27 ივნისიდან იწყება, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესის შესაბამისად სახელმწიფოებრივ განვითარებას.

მნიშვნელოვანი თარიღები

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო და დღეს, საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია.

 

1995 წლიდან საქართველო სარგებლობს ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP), რომელიც ჯერ 2005 წელს, ხოლო მოგვიანებით 2014 წელს განახლდა (GSP+) -  და რომელიც საქართველოზეც გავრცელდა.

 

1996 წლის 22 აპრილს, ლუქსემბურგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA) რომელიც სრულად ძალაში შევიდა 1999 წლელს, რის შედეგადაც შეიქმნა საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტები, რომელთა მიზანიც PCA-ს განხორციელების ხელშეწყობა და ორმხრივი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება გახლდათ. აღნიშნული ინსტიტუტებია:

  • საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო;
  • საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტი;
  • საქართველო–ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი;
  • საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტები.

2003 წლის 7 ივლისს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი დაინიშნა (EU Special Representative for the South Caucasus). ეს თანამდებობა 2003 წლიდან 2006 წლამდე ეკავა ჰეიკი ტალვიტის, ხოლო 2006 წლიდან 2011 წლამდე პიტერ სემნების. 2011 წლის 25 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით გაერთიანდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობები. ამ პოზიციაზე დაინიშნა ფილიპ ლეფორი, რომლის მანდატი 2014 წლის 31 იანვარს ამოიწურა. 2014 წლის 8 ივლისს აღნიშნულ თანამდებობაზე ჰერბერტ ზალბერი დაინიშნა, რომლის მოვალეობაში შედის რეგიონში არსებული კონფლიქტების გადასაჭრელ სამშვიდობო მოლაპაპარაკებებში მონაწილეობა, ასევე რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა. უფრო კონკრეტულად კი სპეციალური წარმომადგენელი მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაიწყო.

 

2004 წლის 17 თებერვალს საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

 

2004  წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველო ჩაერთო ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში, ხოლო 2006 წლის 14 ნოემბერს მიღებული იქნა საქართველო–ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხად, 2008 წლის 1 სექტემბერს გაიმართა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა; 2008 წლის 15 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM), რომელიც საქართველოში მოვლენილ იქნა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან; 2008 წლის 25 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი, რომელიც 2011 წლამდე ეკავა პიერ მორელის.

 

2008  წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

2009 წლიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი - ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დიალოგი (HRD). შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში იმართება ყოველწლიურად.

 

2009 წელს საქართველო ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში, რომელსაც ფორმალურად საფუძველი 2009 წლის 7 მაისს პრაღის სამიტზე ჩაეყარა. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ინიციატივის, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.

 

2009  წლის 30 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ერთობლივ დეკლარაციას ხოლო აღნიშნული ინიციატივის ფაგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად 2010 წლის 16 თებერვალს დაიწყო.

 

2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა “საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას, ხოლო 2010 წლის 22 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, ხელი მოეწერა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმებას. ორივე შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს.

 

2010 წლის 15 ივლისს მოლაპარაკებები დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმებაზე“, (AA) რომლის ნაწილიცაა “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც” (DCFTA).

 

2010 წლის 2 დეკემბერს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ“ შეთანხმებას, ხელს შეუწყობს საჰაერო ტრანსპორტის სფეროში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას, კერძოდ, საქართველოს ინტეგრაციას აერონავიგაციის ერთიან ევროპულ სისტემაში, ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დახვეწასა და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას და ავიაციის სფეროში ევროკავშირის წესების უმრავლესობის განხორციელებას.

 

2011 წლის 3 მაისს ქ. ბრიუსელში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელზეც ოფიციალურად დაფუძნდა „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა”. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის წარიმართება მრავალმხრივი საპარლამენტო დიალოგი საერთო ინტერესის სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა ურთიერთობა და სხვა.

 

2011 წლის 14 ივლისს ხელი მოეწერა და 2012 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებას სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ.

 

2012 წლის 28 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DCFTA), რომელიც „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ნაწილია.

 

2011 წლის 1 მარტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალაში შევიდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებები, ხოლო საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ გაიხსნა 2012 წლის 4 ივნისს. 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

 

2013 წლის 12-13 თებერვალს თბილისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა, რომელიც პირველად მოიცავდა სექტორული დიალოგის შეხვედრასაც ტრანსპორტის დარგში; იმავე წლის 27-28 ივნისს თბილისშივე ჩატარდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი მინისტერიალი კულტურის დარგში, ხოლო 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ქ. ვილნიუსში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მესამე სამიტი., რომლის ფარგლებში, 29 ნოემბერს მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. „ახალი თაობის” შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს.  ვილნიუსის სამიტზევე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია და ხელი მოეწერა „ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“.

 

2013 წლის 12 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ.

 

2014 წლის 20 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე.

 

2014 წლის 26 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა შეიმუშავეს ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა და წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას.

 

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით.

 

2014  წლის 9 სექტემბერს ქ. ბაქოში შედგა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეოთხე შეხვედრა, რომელიც  მოიცავდა სექტორული დიალოგის შეხვედრას ენერგეტიკის საკითხებზე.

 

2014 წლის 17 ნოემბერს,  ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ამოქმედდა ახალი ინსტიტუციური ჩარჩო - ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები, რომელსაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.

 

2014 წლის 21 მაისს, ქ. ბრიუსელში  ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით,  გაიმართა შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის.

 

2015  წლის 21-22 მაისს, ქ. რიგაში გაიმართა  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მეოთხე სამიტი. სამიტზე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.

 

2015 წლის 2 ივნისს, ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა.

 

2015 წლის 16 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა.

 

2015 წლის 18 დეკემბერს, ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა შეასრულა და ვიზა ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა.

 

2015 წლის დეკემბერში, დასრულდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი.

 

2016 წლის პირველ ივლისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში.

 

2017 წლის  28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში ოფიციალურად შევიდა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობა. ამიერიდან, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლია იმოგზაუროს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღე.