×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
რა არის ნატო?

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა, არის ჩრდილოეთ ამერიკის 2 და ევროპის 27 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა - როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.



ნატოს შესახებ

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) წარმოადგენს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა. ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის 2 და ევროპის 27 სახელმწიფოსაგან შემდგარი კავშირი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკურ  სივრცეში მშვიდობის, მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო საშუალებებით. ალიანსი მკაცრად იცავს და პატივს სცემს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

  

ნატოს შესახებნატო არის ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსესუსის საფუძველზე, თითოეული წევრი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოს, განურჩევლად მისი ტერიტორიული სიდიდისა, მოსახლეობის რაოდენობისა, პოლიტიკური თუ სამხედრო ძლიერებისა გააჩნია თანასწორუფლებიანი სიტყვა განხილვებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს. ნატოს გადაწყვეტილების მიმღებ ძირითად ორგანოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო წარმოადგენს. გადაწყვეტილების მისაღებად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე იმართება: ელჩების დონეზე, მინისტრების დონეზე და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე (მათ შეხვედრას სამიტი ეწოდება).

 

 ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომებს ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.ნატოს შესახებ გენერალურ მდივანს სამი ძირითადი ფუნქცია აკისრია: 1. ის არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტისა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის, ნატო-რუსეთის საბჭოს, ნატო-უკრაინის საბჭოს, ნატო-საქართველოს საბჭოსა და ხმელთაშუა ზღვის დიალოგის თავმჯდომარე; 2. ის მოქმედებს ორგანიზაციის სახელით; გამოხატავს ორგანიზაციის პოზიციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით; 3. ის არის ალიანსის უმაღლესი წარმომადგენელი და ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი პირი. ნატოს გენერალურ მდივანს ხმის მიცემის უფლება არ აქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც გენერალური მდივანი წარმოადგენს, ორი ხმით ისარგებლებდა,  ნატოში კი თითოეულ წევრ ქვეყანას ერთი და თანაბარი ძალის ხმის უფლება აქვს. ნატოს გენერალური მდივანი წევრი სახელმწიფოების მიერ 4 წლის ვადით ინიშნება. დღემდე ნატოს სულ 12 გენერალური მდივანი ჰყავდა. ამჟამად ალიანსის მთავარ პოსტს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი იკავებს.                                  

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა. ნატოს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. მე-5 მუხლი ნატოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს.

 

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ გააჩნია შეიარაღებული სამხედრო ძალები მუდმივ საწყისებზე. ყოველი წევრი სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს ნატოს გაერთიანებულ სამხედრო სტრუქტურაში, ვალდებულია გამოყოს განსაზღვრული რაოდენობისა და სახეობის შეიარაღებული ძალები შეთანხმებული ამოცანებისა და ოპერაციების განსახორციელებლად.  თუმცა 2006 წლიდან ნატოს სრულ მზადყოფნაში ჰყავს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, კარგად გაწვრთნილი „სწრაფი რეაგირების ძალები“ (NRF-NATO Response Force), რომლებიც მოიცავენ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური დანიშნულების ძალების კომპონენტებს.


სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურებმა ნატოს პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიღეს. ნატოს დოქტრინის თანახმად, ამ ძალების მთავარი ამოცანა, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული პლაცდარმის ხუთი დღის განმავლობაში დაკავება და ძირითადი ძალების მხრიდან სრულმასშტაბიანი ოპერაციის დაწყების ხელშეწყობაა. ბოლო პერიოდში ევროპაში შექმნილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 13000-დან 30000-მდე გაიზარდა.

 

ნატოს შტაბ-ბინა ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) მდებარეობს. მასში განთავსებულია: წევრი სახელმწიფოების ეროვნული დელეგაციები, ორგანიზაციის პოლიტიკური და სამხედრო კომიტეტები, გენერალური მდივნის ოფისი და საერთაშორისო სამსახური, საერთაშორისო სამხედრო სამსახური, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიები და სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები.

 

ნატოს აქვს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურა, რომლის საქმიანობაც მოიცავს პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებს. თითოეული ეს სტრუქტურა ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს  - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს.

  

 

სამოქალაქო სტრუქტურა

 

ალიანსის ყველა წევრ ქვეყანას ნატოს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენელი/დელეგაცია ჰყავს. მას ხელმძღვანელობს ელჩი, რომელიც თავისი ეროვნული მთავრობის ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებს. დელეგაცია, ძირითადად, დაკომპლექტებულია სახელმწიფოს საგარეო და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებით. ის ფაქტი, რომ ეროვნული დელეგაციები ნატოს შტაბ-ბინაში მუშაობენ, ხელს უწყობს მათ საერთაშორისო სამსახურთან ოფიციალურ და არაოფიციალურ ურთიერთობებს. ნატოს შტაბ-ბინა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის ადგილს პარტნიორ და წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მიზნით, მათ ერთობლივ მუშაობას უზრუნველყოფს.

 

საერთაშორისო სამსახური ნატოს საკონსულტაციო და ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და დაქვემდებარებულ კომიტეტებს ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. საერთაშორისო სამსახური წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან შედგება. ისინი ნატოს მიერ არიან დაქირავებულები ან შესაბამისი ეროვნული ორგანოების მიერ 3-4 წლის ვადით ინიშნებიან. ნატოს საერთაშორისო სამსახური უშუალოდ გენერალურ მდივანს ექვემდებარება. კონსულტაციებისა და ადმინისტრაციული ვალდებულებების გარდა, საერთაშორისო სამსახური ჩართულია ალიანსის გაფართოების პროცესში. საერთაშორისო სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს გარკვეული ვალდებულებების განხორციელების პროცესში.

 

 

სამხედრო სტრუქტურა

 

ნატოს სამხედრო კომიტეტი წარმოადგენს ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ექვემდებარება. სამხედრო კომიტეტი ადგენს ინსტრუქციებს ნატოს პოლიტიკური სტრუქტურებისათვის, სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით და პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო საქმიანობაზე. სამხედრო კომიტეტი აფასებს ნატოსთვის შესაძლო საფრთხის შემცველი ქვეყნების სამხედრო ძლიერებასა და შესაძლებლობებს. საომარი მდგომარეობის, კრიზისული სიტუაციების ან ალიანსის სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციების დროს მას ევალება მოხსენებებისა და რეკომენდაციების წარდგენა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფისათვის. აღსანიშნავია, რომ სამხედრო კომიტეტი შეიმუშავებს დირექტივებს ნატოს სამხედრო სარდლობებისათვის. ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთო უსაფრთხოების, თავდაცვისა და კრიზისების მართვის საკითხებზე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებთან.

 

ნატოს ჰყავს სტრატეგიული მნიშვნელობის ორი მთავარსარდლობა: 1. მოკავშირეთა მთავარსარდლობა ევროპაში, რომლის შტაბ-ბინაც განთავსებულია მონსში (ბელგიის სამეფო); 2. მოკავშირეთა ტრანსფორმაციის მთავარსარდლობა, რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს ნორფოლკში (ვირჯინია, აშშ). მოკავშირეთა მთავარსარდალი ევროპაში მეთაურობს მოკავშირეთა ოპერაციების სარდლობას და ხელმძღვანელობს მოკავშირეთა მიერ გადაცემულ ძალებს. იგი პასუხისმგებელია ნატოს ყველა სახმელეთო ოპერაციაზე, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა. ევროპაში მოკავშირეთა მთავარსარდლის პოზიცია, ტრადიციულად, ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს უკავია, რომელიც ამავდროულად შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურსაც წარმოადგენს. ხოლო მოკავშირეთა მთავარსარდალი ტრანსფორმაციის დარგში, პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო შესაძლებლობათა მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე.