×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შიდა ქართლში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

შიდა ქართლის რეგიონში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი დავით უჩაძე უძღვებოდნენ.

 

თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგისა და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

შეხვედრას მერიების, საკრებულოებისა და აიპების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ძირითად თემას სტრატეგიული კომუნიკაცია წარმოადგენდა. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე, პროპაგანდის საფრთხეებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში

24-02-2020