×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აჭარის ბიუროს საინფორმაციო ცენტრში შემეცნებითი აქტივობა მოეწყო

24.02.20 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ოფისში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით  შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.

 

აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საერთაშორისო თანამეგობრობის კლუბის  წევრებმა ოკუპაციის თემაზე მომზადებული  სხვადასხვა ფორმატის პრეზენტაციები წარადგინეს,  რომლებშიც საუბარი  ისტორიულ ფაქტებს, მოსაზრებებსა და  კონტექსტურ პარალელებს  შეეხო.  ახალგაზრდებმა იმსჯელეს  1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს იძულებითი გასაბჭოების  და ქვეყნის მიერ დასავლურ კურსზე  იძულებით უარის თქმის შედეგებზე, გაიხსენეს ცნობილი პოლიტიკოსების გამონათქვამები და ის მძიმე  გადაწყვეტილებები, რითაც ევროპული ქვეყნის იდეა საქართველოსთვის დიდი ხნით ჩაქრა.

 

საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ახალგაზრდებს საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის  მნიშვნელობასა და  ამ პროცესში ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა,  საუბრისას აქცენტი საქართველო - ნატოს შორის არსებული ურთიერთობების  პერსპექტივებსა   და  ქართველი ჯარისკაცების ნატო-ს სტანდარტებით  აღჭურვის  უპირატესობებზე  გაკეთდა. განსაკუთრებით  აღინიშნა  ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა  ნატოს პროგრამებსა და სამშვიდობო მისიებში, რასაც ალიანსი  ჩვენი მხრიდან უდიდეს კონტრიბუციად მიიჩნევს და აცხადებს, რომ  ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული წვლილი  შეაქვს ნატოს  პრინციპების დაცვასა და გაძლიერებაში.

 

ღონისძიების დასასრულს, მომხსენებელმა მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა და ნატოს დღეების ფარგლებში ერთობლივი აქტივობის ორგანიზების  დეტალებზე ესაუბრა. აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საერთაშორისო თანამეგობრობის კლუბის ხელმძღვანელმა  ციცო ჩიკვაიძემ და  კოორდინატორმა ხათუნა მართალიშვილმა  ნატოს დღეებში  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სხვადასხვა კლუბის ჩართულობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ, საინფორმაციო ცენტრთან  კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.  

24-02-2020