×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საქართველოსა და სომხეთში შვედეთის ელჩის ულრიკ თიდესტრომის საჯარო ონლაინ შეხვედრა გაიმართა

"ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში დაგეგმილი ციფრული საუბრების ფორმატში, საქართველოსა და სომხეთში შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შვედეთის მხარდაჭერის საკითხებზე საჯარო ონლაინ შეხვედრა გამართა. 
ფართო საზოგადოებისთვის გამართულ ციფრულ შეხვედრას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველო-შვედეთის პარტნიორობის მნიშვნელობას და შვედეთის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. 
შეხვედრაზე, ულრიკ თიდესტრომმა  ისაუბრა საქართველო-შვედეთის მჭიდრო ურთიერთობებზე, თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე, აღნიშნა მზაობა სამომავლოდაც გაგრძელდეს შვედეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმართ. საუბრისას ელჩმა გამოყო ის სფეროები, სადაც დღეს შვედეთის მხარდაჭერაა კონცენტრირებული: გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სფეროების განვითარების მიმართულება, განათლება, საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაცია ევროკავშირთან, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა. 
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც აქტიურად იყო ჩართული შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი მალხაზ კაკაბაძე.
 საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.

17-06-2020