×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სტუდენტებისთვის ნატო-ს თემაზე სერტიფიცირებული ონლაინ კურსი დასრულდა

23.12.20 - თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით 250-მდე სტუდენტისთვის ნატოს თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსი, "ჩართულობის აკადემია" გაიმართა.

კურსის ფარგლებში ჩატარდა ხუთი ვებინარი. პროგრამა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთრინ შვაიცერმა გახსნეს.

მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მხრივ საგანმანათლებლო ღონისძიებების  როლზე,  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობასა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ განხორციელების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ პროექტი თვალსაჩინო მაგალითია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის.

სტუდენტებს ასევე, საშუალება ქონდათ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის ატაშესგან სტეფანი ბეიგლისგან, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელისგან როზარია პუგლისისგან მოესმინათ ინფორმაცია ნატოს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კურსის ფარგლებში ახალგაზრდებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან თორნიკე ფარულავასთან და მოწვეული ექსპერტებთან: სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორთან ირაკლი მენაღარიშვილთან,  კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელთან ანდრო გოცირიძესა და "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს" კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორთან დავით ძიძიშვილთან ერთად განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ,ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა, კიბერ-უსაფრთხოების გამოწვევები და მისი გავლენა ნატო-ს დღის წესრიგის ტრანსფორმაციაზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები.

ღონისძიება ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

24-12-2020