×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
პრემიერ-მინისტრისა და გენერალური მდივნის პრესკონფერენცია

ნატო - საქართველოს კომისიის შემდეგ გაიმართა პრემიერ - მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენცია, სადაც მომხსენებლებმა შეაჯამეს დღევანდელი სხდომის შედეგები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ნატოსა და საქართველოს შორის არსებული ერთგულებისა და მტკიცე პარტნიორობის დემონსტრირებაა.

სხდომაზე შედგა სიღრმისეული და პროდუქტიული დისკუსიები საქართველოს წვლილის შესახებ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, გარდა ამისა, განიხილეს მიმდინარე რეფორმების პროცესი, ამ მხრივ მიღწეული პროგრესი და რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა.

გენერალურმა მდივანმა დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც მსახურობენ ავღანეთში, ნატოს რეაგირების ძალებში და იმ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია ხმელთაშუაზღვისპირეთში ტერორიზმის აღკვეთისკენ.

 

კომისიის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი: ნატო-საქართველოს კომისია, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელსაც უკვე მოაქვს შედეგები, ასევე ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ეს ინსტრუმენტები არსებითია საქართველოსთვის, როგორც ნატოში გაწევრების მსურველი ქვეყნისთვის.


გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა არჩევნების მშვიდობიანად და სამართლიანად ჩატარების აუცილებლობას. "ეს კი მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგანაც ნატო არის საზოგადოება, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს - დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის ჩათვლით. თუმცა, რეფორმები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთათვის, თქვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. ასე რომ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვარშავაში ნატოს ლიდერებმა გამოხატეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. დღეს კი ჩრდილოატლანტიკური საბჭო ვიზიტით ეწვია თბილისს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი ერთგულება თქვენი სახელმწიფოსადმი",- განაცხადა სტოლტენებრგმა. 

 

უფრო ვრცლად პრესკონფერენციის გზავნილების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

08-09-2016