×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტი "ევროპული არდადეგები" დაიწყო

პროექტი "ევროპული არდადეგები" დაიწყო. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში სემინარები ჩატარდება.

პროექტი მოიცავს როგორც საგანამანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს. მის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-ზე მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა რეგიონიდან, ეწვევა მცხეთას, ვანს, სათაფლიას, ზუგდიდსა და ბათუმს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.

პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და მათ ჩართულობას აღნიშნულ პროცესში.

პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთობლივად ახორციელებს.

ახალგაზრდები საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ და მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებების-ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანია,რადგანაც ახალგაზრდები თავად იქნებიან ამ პროცესების მონაწილე უახლოეს მომავალში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არიან ერთგვარი ხიდი, მათ თანატოლებთან, უფროს თაობასთან და იმ სოციუმში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

25-06-2021