×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
9/11-ის ტერორისტული თავდასხმიდან 15 წელი გავიდა

2016 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმიდან 15 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ნატოს შტაბ-ბინაში  ნატოსა და 28 წევრი ქვეყნის დროშები ნახევრად დაეშვა.

2001 წლის 12 სექტემბერს ნატომ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად აამოქმედა ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც ერთ წევრზე თავდასხმას ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად განიხილავს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ნატომ სიმბოლურად ავაქსის ტიპის საჰაერო დაზვერვისა და ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები აშშ-ს მიმართულებით განალაგა.

15 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, ნატომ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა აშშს  ტერორიზმის შეკავებისა და შეჩერების პროცესში და მეხუთე მუხლის საფუძველზე ინიცირება გაუწია ხმელთაშუაზღვაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას ე.წ. „ აქტიურ ძალისხმევას“. 2003 წლის აგვისტოსთვის კი ავღანეთში დაიწყო ISAF-ის საერთაშორისო სამშვიდობო მისია, რომელიც ავღანეთის საერთაშორისო ტერორიზმის სავანედ ჩამოყალიბებას შეუშლიდა ხელს.

ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ, ნატო აქტიურად აგრძელებს მისი წევრი სახელმწიფოებისა და იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, როგორიცაა თავისუფლება, მშვიდობა, უსაფრთხოება, ადამიანის  უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. 2016 წლის ვარშავის სამიტზე, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადყოფნა, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების გათვალისწინებით.

 

 

13-09-2016