საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტი „ევროპული არდადეგები“ ჩატარდა

25.09.21 - ზუგდიდი
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ფარგლებში ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. სემინარზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი. საუბარი, ასევე, შეეხო დეზინფორმაციასა პროპაგანთასთან ბრძოლის მეთოდებს, ჰიბრიდული ომის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებს.

პროექტში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო" კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა.

დევნილი ახალგაზრდებისთვის ასევე დადიანების სასახლეში ექსკურსია მოეწყო.

დასასრულს, სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

ღონისძიებაში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთობლივად უკვე მეორე წელია ახორციელებს.

ახალგაზრდები საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ და მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების-ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანია,რადგანაც ახალგაზრდები თავად იქნებიან ამ პროცესების მონაწილე უახლოეს მომავალში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არიან ერთგვარი ხიდი, მათ თანატოლებთან, უფროს თაობასთან და იმ სოციუმში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

25-09-2021