×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
საქართველო და ევროკავშირი

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1992 წლიდანვე იწყება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2003 წლიდან ხდება, როცა საქართველო აქტიურად იწყებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ამ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი კი 2014 წლის 27 ივნისიდან იწყება, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესის შესაბამისად სახელმწიფოებრივ განვითარებას.

ვიზის ლიბერალიზაცია

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის ნაწილში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოქალაქეთა მობილურობის ხელშეწყობას, მათ შორის -შესაბამის ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღებას. უნდა აღინიშნოს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში დამოუკიდებელი პროცესია და საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტიანი შესრულება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურების ძირითადი ინსტრუმენტი და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების ეფექტიანი საშუალებაა.

 

 

რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?

 

ვიზის ლიბერალიზაცია უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე,  რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22  წევრ  ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

 

წევრი ქვეყნები:  ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი;

 

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

 

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

 

 

უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის ქონის შემთხვევაში, ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია.

 

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. უვიზო რეჟიმი არ შეეხება შენგენის ზონაში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით. ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს უნდა მიმართონ.

 

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები