×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
"ჩვენ, როგორც ევროპული ინსტიტუტი, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ბრიუსელში, ევროპული ინსტიტუტების ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს მართავენ. გთავაზობთ პრემიერ- მინისტ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს, სადაც აქცენტი გაკეთდა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპულ მომავალსა და პერსპექტივებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. 

 

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხები, ასევე, საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

"გარდა ამისა, განვიხილეთ ქვეყნის ურთიერთობები რეგიონალურ მეზობლებთან და გეოსტრატეგიული მოვლენები. დეტალურად განვიხილეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი და მიმდინარე მოლაპარაკებები მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის. პრემიერ-მინისტრთან საუბარში მე გამოვხატე ჩემი ოპტიმიზმი, რომ მომდევნო დღეებში საბჭო და პარლამენტი მიაღწევენ კომპრომისულ შეთანხმებას, განსაკუთრებით უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. 
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვაძლევ პრემიერ-მინისტრს გარანტიას: ჩვენ, როგორც ევროპული ინსტიტუტი, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს პრინციპი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში,”- აღნიშნა მარტინ შულცმა.

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით კი ევროკავშირის უზარმაზარი მხარდაჭერის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით.

 

"ჩვენს დღის წესრიგში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ინსტიტუციური სტანდარტების გაუმჯობესება მათი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ეს ძირითადი ღირებულებები უდევს საფუძვლად საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ, ძალიან ამბიციურ პარტნიორობას - სწორედ ამ მიზანს ვიცავთ და ვემსახურებით. ევროპარლამენტის შემდგომი ჩართულობა ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია რეფორმების წახალისებისთვის.


ამ თვალსაზრისით, მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და მადლობა მინდა, გადავუხადო პრეზიდენტ შულცს ძალიან გულახდილი დიალოგისთვის. ამ შედეგს (სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას) მოუთმენლად ელის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაციისა და წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას. ის საშუალებას მოგვცემს უფრო მოტივირებულად განვაგრძოთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაცია. იმედი გვაქვს, რომ შიდა პროცესები ბრიუსელში მალე მოიტანს სასურველ შედეგს და ქართველი მოსახლეობის მოლოდინი გამართლდება და მოქალაქეებისათვის ხელშესახები ბენეფიტი იქნება. ევროპარლამენტის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი მოტივაცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპარლამენტი კვლავ განაგრძობს ჩვენს მხარდაჭერას და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება",- ხაზი გაუსვა პრემიერმა.

 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უსაფრთხოება ევროკავშირთან თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და აფასებს ევროპარლამენტის ხმამაღალ და გამბედავ განცხადებებს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ამით გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ირგვლივ. 

 

პრესკონფერენციის ბოლოს პრემიერმა ევროპარლამენტს  დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული სულისკვეთების მხარდაჭერისთვის, ხოლო პრეზიდენტ შულცს საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

 

02-12-2016