×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, უმაღლეს წარმომადგენელთან ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან და სხვა ევროკომისრებთან. ასევე, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური თემები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მთავრობის ახალი შემადგენლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

გაკეთდა სხვადასხა მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე რეფორმებსა და შედეგებზე, საქართველოს ევროპული გზის მნიშვნელობასა და იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიაღწია.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მომავალშიც გაუწევს საქართველოს დახმარებას ამ პროცესში. დონალდ ტუსკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, ასევე დახმარებისთვის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების საქმეში.

 

რაც შეეხება, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას, შეხვედრებზე ითქვა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და ხაზი გაესვა გადაწყვეტილების მიღების პროცესის სწრაფად დასრულების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ თავდაუზოგავად მუშაობენ ამ საკითხზე თავად ევროკავშირში, განსაკუთრებით კი შეჩერების მექანიზმის დროულად ამოქმედებაზე, რომელიც უშუალო კავშირშია საქართველოსთვის ამ შესაძლებლობის გახსნასთან.

 

როგორც პრემიერ- მინისტრი აღნიშნავს, გაგრძელდება ინტენსიური და მიზანმიმართული რეფორმები, რათა საქართველო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მიუახლოვდეს. "მოუთმენლად ველით ასოცირების დღის წესრიგის განახლებულ ვარიანტს, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. 

მსურს შევეხო რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების საქართველოში განხორციელების პირველ ანგარიშს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში",- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. 

 

 

შეხვედრებისას ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღინიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს - აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ეგრეთ წოდებული შეთანხმების რატიფიკაციით ირღვევა საერთაშორისო სამართალი და შესაბამისად, ამ შეთანხმებას ევროკავშირის თვალში არანაირი წონა არ აქვს.

 

"ჩვენ უპირობოდ ვემხრობით საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენი თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ევროკავშირი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას," - განაცხადა დონალდ ტუსკმა. 

 

პრემიერმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის ადგილზე ერთადერთ საერთაშორისო და აქტიური მედიაციის მექანიზმს წარმოადგენს, რაც მყარ გარანტიებს იძლევა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

 

 

 

 

 

02-12-2016