×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
საქართველოში DCFTA-ის 5 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

საქართველოში ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის - ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ე.წ. DCFTA-ის 5 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება - თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ზუგდიდში. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით მოხდება მოქალაქეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის DCFTA-სთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, ცნობიერების ამაღლება და მათი მოსაზრებების შეგროვება. კერძო სექტორის საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება კონკრეტული ტრენინგ-პროგრამების შემუშავება.

 

ცენტრების გახსნა პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში იგეგმება, რომელიც  ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას ახორციელებს GIZ-ის პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით GIZ-ის ამ პროექტსადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრულია თანამშრომლობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და სასწავლო სერვისების  განვითარების კუთხით სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო დროის ყველაზე დიდი მიღწევაა.  შესაბამისად,  ჩვენ ვალდებულები  ვართ დავიცვათ ამ შეთანმებით ნაკისრი ვალდებულებები. დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი  რეგიონებში დამატებით ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებას  ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების შესახებ, ადგილობრივ მეწარმეებს  კი  შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ  სრულყოფილი  და  ამომწურავი ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე“-განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ინიციატივის EU4Business (მცირე და საშუალო მეწარმეობისა და კერძო სექტორის ხელშეწყობა) ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანაში. EU4Business-ის მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესსექტორში ცოდნისა და უნარების განვითარებისა და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით  მცირე და საშუალო მეწარმეებს დაეხმაროს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.  

მემორანდუმს ხელი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და GIZ-ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტის ხელმძღვანელმა ფილიპ შტაინჰაიმმა მოაწერეს.

 

DCFTA-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

02-12-2016