×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
დონალდ ტუსკი: "თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლას არ მივანიჭებთ, ევროკავშირის სანდოობა ეჭვქვეშ დადგება"

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს საქართველოსა და უკრაინის უვიზო მიმოსვლის საკითხზე წერილი გაუგზავნა. 

 

წერილში ტუსკი აღნიშნავს, რომ "უბრალოდ არ შეგვიძლია ისინი, ვინც გვენდნენ, გავხადოთ ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლები". 

 

"როცა ამ წერილს ვწერ, უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედება გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი ამჟამად განიხილავენ ე.წ. "შეჩერების მექანიზმის" ამოქმედების საკითხებს. მაგრამ რაც ამ პროცესში სასწორზე დევს, იმაზე მეტია, ვიდრე ევროკავშირის პოლიტიკურ სისტემაში ძალთა ბალანსი", - წერს ტუსკი. მისი თქმით, სასწორზე დევს ევროკავშირის მეზობელი ერების ლეგიტიმური იმედი და მისწრაფებები, ისევე, როგორ ევროკავშირის რეპუტაცია, რომელიც არაერთხელ კატეგორიულად თუ მუდმივად დაკავშირებული იყო ამ საკითხთან. 

 

ტუსკი ამატებს, რომ ევროკავშირმა მის პარტნიორებს მძიმე მოთხოვნები წაუყენა, რომლებიც მტკივნეული რეფორმების ძალისხმევითა და მაღალი პოლიტიკური რისკის ფასად შესრულდა. „მათ ეს გამოწვევა მიიღეს იმ მტკიცე რწმენით, რომ ევროკავშირი შეასრულებდა თავის ვალდებულებებსა და დანაპირებს. ნება მიბოძეთ გავიმეორო, რომ რისი დაკარგვის რისკის წინაშეც ვდგავართ, არა მხოლოდ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს, არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან ჩვენს მომავალ ურთიერთობებს მოიცავს, არამედ ჩვენდამი ნდობის დაკარგვასაც“, -წერს ტუსკი. 

 

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა მართლაც პოზიტიური როლი შეასრულა მოლაპარაკებების პროცესში და სამწუხარო იქნება, თუ ეს სამუშაო სასურველ შედეგამდე არ მივა. 

 

„მესმის, თუ რატომ ანიჭებთ ასეთ მნიშვნელობას ევროპარლამენტის როლს შეჩერების მექანიზმის შემუშავებაში. ასევე, ვაფასებ თქვენს სურვილს, მოძებნოთ შორსმიმავალი კომპრომისი. მეორე მხრივ, შემიძლია, გავუგო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, რომლებსაც სურთ თვითონ გადაწყვიტონ, თუ ვინ გადმოკვეთს მათ საზღვრებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარეს ამ მოლაპარაკებებში აქვთ თავიანთი არგუმენტები და ასევე ნება, როგორც ჩანს, ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ვფლანგავთ",- ნათქვამია წერილში. 

 

ტუსკმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, რომელიც უკავშირდება მიგრაციის კრიზისს, წევრმა ქვეყნებმა მაინც გამოხატეს სურვილი უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. "თუკი ჩვენ ვაპირებთ უვიზო მიმოსვლა რეალობად ვაქციოთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეჩერების მექანიზმი თავიდანვე ძლიერი და ეფექტური უნდა იყოს. შესაბამისად, თუ ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ ჩვენდამი ნდობა, უნდა ვიპოვოთ ამ პრობლემის მოგვარების უფრო რეალისტური, ვიდრე იდეალური გზა. უპატიებელი შეცდომა იქნება, თუ ძალისხმევას არ გამოვიჩენთ ამ პროექტის დასასრულებლად. ჩვენ უბრალოდ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც გვენდნენ, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ. მჯერა, რომ ჩვენ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით სწრაფ შეთანხმებას მოვძებნით. დრო ჩვენს მხარეს არ არის, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ რბოლაში გამარჯვება“, - წერს დონალდ ტუსკი.

07-12-2016