×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია

ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) ევროპარლამენტთან ერთად მიაღწია შეთანხმებას შეჩერების მექანიზმის განახლებული რეგულაციის თაობაზე. შეჩერების მექანიზმი უკვე არსებული ვიზალიბერალიზაციის შესახებ ყველა შეთანხმების სამომავლო გამოყენებასთანაა დაკავშირებული. შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის მთავარმა ინსტიტუტებმა - ევროპის საბჭომ, ევროპარლამენტმა და კომისიამ.

 

„მიღწეული შეთანხმება დაბალანსებულია და ის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის ეფექტიანობისა და სანდოობისთვის. ამჟამინდელი შეჩერების მექანიზმი არ იყო ადეკვატური და მოხდა მისი გაუმჯობესება. შეთანხმების მიღწევა გაუხსნის კარს ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულ იმ ქვეყნებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა საჭირო მოთხოვნას“, - აღნიშნა რობერტ კალინაკმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

 

რეგულაციის გადახედვის მთავარი მიზანი შეჩერების მექანიზმის გაძლიერებაა. რეგულაციის გადახედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გამარტივდება უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის მიერ შეთანხმება დადასტურებულია, თუმცა მის საბოლოო მიღებამდე დარჩენილია რამდენიმე ნაბიჯი:  ევროპარლამენტის მიერ რეგულაციისთვის კენჭისყრა და  ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება. როგორც კი ეს ინსტიტუტები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ, შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება და იმ ქვეყნებისთვის (საქართველო და უკრაინა), რომლებიც ელოდებიან უვიზო მიმოსვლას, პროცესი გამარტივდება.

 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, "შემდგომი პროცედურის თანახმად, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით სამმხრივი კონსულტაციები გაიმართება მომდევნო კვირაში, რის შემდეგაც საქართველოს საკითხს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ხოლო საბოლოოდ კი რეგულაცია ფორმალურად დამტკიცდება ევროკავშირის საბჭოს მიერ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთან ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლასთან ერთად". 

 

"დღეს მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება",- წერენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე.

08-12-2016