×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელა. 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის სადამკვირვებლო მისიისთვის 18 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი დამტკიცდა.

 

ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა. 

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციას, ნორმალიზაციასა და ნდობის აღდგენას. სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია  მონიტორინგს უწევს მხარეების ქმედებებს, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას.

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი ამოცანებია სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა  და ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება კონფლიქტის შესახებ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვითარება შედარებით სტაბილურია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონტრიბუცია საკვანძო რჩება. ნდობის აღდგენის  ახალი მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარმატებით განახორციელა მთელი რიგი პროექტები, რომელთა გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. ის, ასევე, ხედავს მნიშვნელოვან პოზიტიურ განვითარებას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენით.

მისიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში,  რეგიონული ოფისები კი გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. სადამკვირვებლო მისიამ საქმიანობა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. ამჟამად, მისიას, რომელშიც 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი მუშაობს, კესტუტის იანკაუსკასი ხელმძღვანელობს.

 

"ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს  კონფლიქტის მოგვარებას, რაშიც აქტიურად არის ჩართული როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ისე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და მისი თანათავმჯდომარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში", - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

 

 

წყარო

 

13-12-2016