×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
რა არის ნატო?

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა, არის ჩრდილოეთ ამერიკის 2 და ევროპის 27 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა - როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.



ნატოს გაფართოება

 

 

   

ნატოს “ღია კარის პოლიტიკა”  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს ემყარება. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მოწვევას, გახდეს ალიანსის წევრი, იღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის წევრების კონსენსუსის საფუძველზე. ნატოს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


ნატოს მიმდინარე გაფართოების პროცესი არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. გაფართოების მიზანი მდგომარეობს სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში, ერთიანი და თავისუფალი ევროპის მშენებლობაში, მშვიდობისათვის გაერთიანებასა და საერთო დემოკრტიული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.


ნატოს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი. 1949 წლიდან ნატოს წევრი ქვეყნების რაოდენობა, გაფართოების შვიდი საფეხურის გავლით 12-დან 28 ქვეყანამდე გაიზარდა.

  

გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952), დასავლეთ გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) წევრი ქვეყნები გახდნენ, ცივი ომის დროს მიმდინარეობდა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს გაფართოების პროცესი ინტენსიური დებატების საგანი გახდა. ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი არ იყო დარწმუნებული, რომ გაფართოება სასურველ შედეგს მოიტანდა. ზოგიერთი შიშობდა, თუ როგორ აისახებოდა გაფართოების პოლიტიკა ალიანსის კავშირებსა და სოლიდარობაზე სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან  ურთიერთობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით 1995 წელს, ალიანსმა ჩაატარა სწავლება ნატოს გაფართოების შესახებ, რომლის საფუძველზეც 1997 წლის მადრიდის სამიტზე, გაწევრიანების მიზნით ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი მოიწვია, ისინი ალიანსს 1999 წელს შეუერთდენენ. ეს ქვეყნები გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი ნატოს წევრი სახელმწიფოები.

1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan  - MAP) შეიმუშავეს, რაც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში დაეხმარებოდა.


ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ალიანსის პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიწვიეს. ჩამოთვლილი ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შვიდივე ქვეყანა ასრულებდა.

ალბანეთი და ხორვატია, რომლებიც ნატოში 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე მიიწვიეს, ოფიციალურად კი ალიანსის წევრები 2009 წლის 1 აპრილს გახდნენ.

 

2015 წელს ბრიუსელის მინისტერიალზე მონტენეგრომ ნატოსგან ალიანსის წევრობაზე მიწვევა მიიღო, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს ნატოს გაფართოების პირველი შემთხვევაა. „ვულოცავთ მონტენეგროს. ეს არის ძალიან ლამაზი კავშირის დასაწყისი", განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 2015 წლის დეკემბრიდან მონტენეგრო ნატოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში იყო, 2017 წლის 5 ივნისს კი 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა.