ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი - 4 აპრილი, 1949 წ.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ადასტურებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანებისადმი ერთგულებას და მსოფლიოს ხალხებთან და მთავრობებთან მშვიდობიან გარემოში თანაარსებობის სურვილს. ისინი მოწოდებულნი არიან, დაიცვან საკუთარი ხალხის თავისუფლება, საერთო მემკვიდრეობა და ცივილიზაცია, დამყარებული დემოკრატიულ პრინციპებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაზე. მხარეები ესწრაფვიან ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებას. ისინი გამოხატავენ მტკიცე ნებას, მოახდინონ საერთო ძალისხმევის მობილიზება კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად და მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. თანახმად ამისა, ისინი თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, მხარეები კისრულობენ ვალდებულებას მოაგვარონ საერთაშორისო კონფლიქტი, რომელშიც ისინი შესაძლოა ჩაერთონ, მშვიდობიანი გზით იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებასა და მართლმსაჯულებას. ამასთანავე, თავი შეიკავონ საერთაშორისო ურთიერთობებში მუქარისა და ძალის გამოყენებისაგან, რაც ამა თუ იმ სახით ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებს.
მუხლი 2
მხარეები ხელს შეუწყობენ მეგობრული და მშვიდობიანი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებით, ამ ინსტიტუტების საბაზისო პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებითა და სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცების ხელშეწყობით. მხარეები მიისწრაფვიან აღმოფხვრან წინაღობები თავიანთ საერთაშორისო ეკონომიკურ პოლიტიკაში და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობას.
მუხლი 3
ხელშეკრულების მიზნების უფრო ეფექტურად მისაღწევად, მხარეები ცალ-ცალკე და ერთობლივი ძალისხმევით შეინარჩუნებენ და განავითარებენ თავიანთ ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვით შესაძლებლობებს შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად.
მუხლი 4
მხარეები გამართავენ კონსულტაციებს, თუკი რომელიმე მათგანის აზრით, ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა თუ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
მუხლი 5
მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად. არსებულ შემთხვევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების საფუძველზე მხარეები დახმარებას გაუწევენ საფრთხის ქვეშ მყოფ მხარეს ან მხარეებს და განახორციელებენ ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით.
ნებისმიერი მსგავსი შეიარაღებული თავდასხმისა და მის საპასუხოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დასრულდება უშიშროების საბჭოს მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისთანავე.
მუხლი 6
ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიზნებისთვის, მხარეზე ან მხარეებზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა ჩაითვლება ასეთად თუ იგი განხორციელდა:
• ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, საფრანგეთის ალჟირის დეპარტამენტებზე (2), და მონაწილე მხარის იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ან კუნძულებზე, რომლებიც არიან ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით.
• ხელშეკრულებაში მონაწილე მხარის შეიარაღებულ ძალებზე, გემებსა და ავიაციაზე, რომლებიც განლაგებულია ხსენებულ ტერიტორიებზე ან ევროპის იმ რეგიონებზე, სადაც ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღეს რომელიმე მხარის საოკუპაციო ძალები იმყოფებოდნენ, ან ხმელთაშუა ზღვისა და ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით ტერიტორიებზე.
მუხლი 7
ხელშეკრულება არ მოახდენს გავლენას და არ იქნება ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ იქონიოს გავლენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობებზე, რომლებიც გაეროს წევრი ქვეყნები არიან, ან უშიშროების საბჭოზე დაკისრებულ ძირითად პასუხისმგებლობაზე, შეინარჩუნოს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.
მუხლი 8
თითოეული მხარე აცხადებს, რომ რომელიმე სხვა მხარესთან ან მესამე სახელმწიფოსთან მის მიერ ნაკისრი მოქმედი საერთაშორისო ვალდებულება არ ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულების დებულებებს, და იღებს ვალდებულებას არ მიიღოს მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო შეთანხმებებში, რაც წინააღმდეგობაში მოვა ამ ხელშეკრულებასთან.
მუხლი 9
აღნიშნული ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები აყალიბებენ საბჭოს თითოეული მათგანის უშუალო წარმომადგენლობით. საბჭო ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ნებისმიერ დროს შეეძლოს შეკრება. ასევე, საბჭომ საჭიროების მიხედვით შესაძლებელია შექმნას დამხმარე ორგანოები, კერძოდ, დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბოს თავდაცვის კომიტეტი, ხელშეკრულების მე-3 და მე-5 მუხლების მიზნების იმპლემენტაციისთვის რეკომენდაციების გასაწევად.
მუხლი 10
მხარეებს კონსენსუსის გზით შეუძლიათ მოიწვიონ ალიანსში ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებას შეუწყოს ხელი და შეიტანოს წვლილი ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მოწვეული ქვეყანა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების მხარე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის მიერთების შესახებ დოკუმენტის გადაცემით. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აღნიშნულის შესახებ აცნობებს ხელშეკრულების მონაწილე თითოეულ მხარეს.
მუხლი 11
მხარეები მოახდენენ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაციას და განახორციელებენ მის დებულებებს თავიანთი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად. სარატიფიკაციო ინსტრუმენტები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც აღნიშნულის შესახებ აცნობებს სხვა ხელმომწერ მხარეებს. ხელშეკრულება ძალაში შედის იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც მოახდინეს ხელშეკრულების რატიფიკაცია ხელმომწერი სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის, მათ შორის ბელგიის, კანადის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რატიფიკაციის ინსტრუმენტების შესანახად გადაცემისთანავე. ხოლო სხვა სახელმწიფოების მიმართ ხელშეკრულება ძალაში შევა მათი სარატიფიკაციო ინსტრუმენტის გადაცემის დღეს.
მუხლი 12
ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 10 წლის შემდეგ, ნებისმიერი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეები გამართავენ ერთობლივ კონსულტაციებს ხელშეკრულების გადახედვასთან დაკავშირებით, ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე გავლენის მქონე არსებული ფაქტორების მხედველობაში მიღებით, მათ შორის გლობალურ და რეგიონალურ დონეზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების საფუძველზე, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით შემუშავებული შეთანხმებების გათვალისწინებით.
მუხლი 13
ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 20 წლის გასვლის შემდეგ ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია ხელშეკრულებაში შეაჩეროს საკუთარი წევრობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის დენონსაციის შესახებ შეტყობინების წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ, რომელიც, თავის მხრივ, ამის შესახებ ამცნობს ხელშეკრულების სხვა მხარეებს.
მუხლი 14
წინამდებარე ხელშეკრულება, რომლის ინგლისური და ფრანგული ორიგინალები ავთენტურია, შეინახება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არქივში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ხელშეკრულების სათანადოდ დამოწმებულ ასლებს გადასცემს ხელმომწერი მხარეების მთავრობებს.