×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა ორდღიანი მუშაობა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ერთობლივი რეზოლუციის მიღებით დაასრულა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეზოლუციაში ასოცირების ხელშეკრულების, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმებია ასახული.

 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სტანდარტების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ კვლავ სამაგალითოა. მედია პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს ძირითადი ფასეულობაა. კომიტეტი აღიარებს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტური განხორცილების შედეგად მიღწეულ პროგრესს, რითაც საქართველო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი გახდა და ამ სფეროში განვითარებას განაგრძობს.

 

კომიტეტი მიესალმება სარეაბილიტაციო და არასაპატიმრო სასჯელის ხელშემწყობი პროგრამების გახორციელებისკენ მიმართულ ძალისხმევას. რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ღირსეული ნაბიჯები გადაიდგა პროკურატურის დეპოლიტიზაციის, სამართალწარმოების გამჭვირვალობის, პოლიტიკური მოტივისგან გათავისუფლებისა და თანასწორობის გაძლიერების თვალსაზრისით.

 

„ერთობლივი რეზოლუცია, კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას. დოკუმენტში, ასევე, ხაზი გაესვა საქართველოში, ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას. რეზოლუცია ორივე მხარეს, საქართველოს და ევროკავშირს მოუწოდებს გააგრძელონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირთან“, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ირინე ფრუიძემ.

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ეს არის ძალიან პოზიტიური განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ, ქართულ მხარეს ევროპარლამენტთან და ზოგადად, ევროკავშირთან გვაქვს.

„განცხადების ტექსტში, რომელიც როგორც ევროპარლამენტარების, ისე საქართველოს დელეგაციის უმრავლესობის მხრიდან იქნა მხარდაჭერილი, ხაზგასმით არის აღნიშნული ის პროგრესული ცვლილებები, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა და ის გეგმები სწორად და პოზიტიურად არის შეფასებული რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

რეზოლუცია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ -

- გადმოწერა / გახსნა

16-02-2017