×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ვარშავის სამიტის შედეგები

2016 წლის 8-9 ივლისს, ქ. ვარშავაში ნატოს მორიგი სამიტი გაიმართა. ვარშავის სამიტის დღის წესრიგის საკვანძო საკითხები  ნატოს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების გაძლიერება და ალიანსის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის განმტკიცება იყო.

 

საქართველომ მონაწილეობა მიიღო პარტნიორებისთვის გამართულ ყველა შეხვედრაში. ამასთან, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში სამიტის პარალელურად პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. სხდომის მონაწილეებმა მიიღეს რთობლივი განცხადება, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს მოიცავს.

 

სამიტზე ალიანსმა კვლავ დაადასტურა ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსადმი, დადასტურდა, ასევე, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი. ალიანსმა მაღალი შეფასება მისცა დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რათა მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის; ნატომ  ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.

 

განცხადებაში  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილებსაც მოიცავს და პირდაპირი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოდან და გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება;

სამიტზე მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში ნატოს დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ, გაძლიერდა „არსებითი პაკეტი“ და მიღებული იქნა ახალი ინიციატივები.

 

ვარშავის სამიტზე გადაწყდა, რომ  ნატო აქტიურად დაიწყებს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველო იქნება სრულად ჩართული ამ პროცესში, ისევე, როგორც ყველა დონეზე მიიღებს მონაწილეობას შავი ზღვისა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან  დაკავშირებულ სტრატეგიულ დიალოგში.

 

10-07-2016