×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი

დაკნინდება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველოს ეროვნული ტრადიციები, თვითმყოფადობა და კულტურული ღირებულებები?

ევროკავშირში, მისი წევრი სახელმწიფოების რელიგიურ და კულტურულ ფასეულობებს არასდროს შექმნიათ საფრთხე. ევროკავშირი რომელიმე ქვეყნის კულტურის შეცვლას არ ცდილობს, არამედ იღწვის ევროპის კულტურათა მრავალფეროვნების დაცვისათვის. თვითონ ორგანიზაციის დევიზია „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ყველა წევრი სახელმწიფოს კულტურული მრავალფეროვნება და განსაკუთრებული ხასიათი ევროკავშირში მაქსიმალურადაა დაცული. ამავდროულად, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამა უშუალოდ წევრი ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას მოიცავს.  

 

ახდენს თუ არა ევროკავშირი ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ევროპის ბაზარზე?

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი თავადაც სურსათის მსხვილი მწარმოებელია, მისი იმპორტის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია. 2013 წელს მხოლოდ ხილის იმპორტმა ევროკავშირში 12.6 მლრდ ევრო შეადგინა (13.1 მლნ ტონა), საიდანაც 11.7 მლრდ ევრო განვითარებად ქვეყნებზე მოდიოდა. რაც შეეხება ბოსტნეულს, მისმა იმპორტმა იმავე წელს 2.6 მლრდ ევრო შეადგინა (დაახლოებით 2.6 მლნ ტონა).

 

იმპორტირებული ხილის სიაში წამყვანი ადგილი უკავია შემდეგ სახეობებს: ბანანი 49 %, ანანასი/ფორთოხალი 8 %, ვაშლი 7 %, ყურძენი 6 %, ლიმონი 4 %

 

ბოსტნეულის იმპორტის სიაში კი უპირატესია შემდეგი სახეობები: პომიდორი 28 %, კარტოფილი 16 %, ხახვი 13 %, ლობიო 10 %, ტკბილი წიწაკა 8 %

 

წყარო

 

ხილისა და ბოსტნეულის ყველაზე დიდი იმპორტიორი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჰოლანდიაა, რომელმაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან  2013 წელს 2 100 000 ტონა ხილისა და 190 000 ტონა ბოსტნეულის იმპორტი განახორციელა. სიაში მას მოსდევენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბელგია. ხილის ძირითადი მიმწოდებლები ევროკავშირის ბაზარზე არიან სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და თურქეთთან ერთად, საიდანაც  დიდი მანძილის გამო, ტრანსპორტირების ხარჯები და დრო საკმაოდ დიდია. ბოსტნეულის ძირითადი მიმწოდებლები კი არიან: მაროკო, ეგვიპტე, პერუ, კენია, თურქეთი და  სხვები.

ევროკავშირთან ინტეგრაციით შეექმნება თუ არა საფრთხე რელიგიას? დაკნინდება თუ არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლი?

ევროკავშირის ქვეყნებში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ინდივიდუალურად რეგულირდება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეკლესიის როლი ქვეყნების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება. ევროკავშირის წევრები არიან მართლმადიდებელი სამყაროს ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორებიცაა საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი.

 

ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის- სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებას ზემოაღნიშნული ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის, არანაირი საფრთხე არ შეუქმნია.

მართალია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ საქართველოს მოსთხოვენ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონებას?

ევროკავშირი საქართველოსგან, ისევე, როგორც სხვა რომელიმე ქვეყნისგან, ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება არ წარმოადგენს ევროკავშირის წევრობის მოთხოვნას და მას არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ხედვა აქვთ.

 

ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება არ არის დაშვებული ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის კვიპროსი, ესტონეთი,  რუმინეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, და სხვა. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი ტიპის ქორწინება კონსტიტუციითაც კი არის აკრძალული: ბულგარეთი, ხორვატია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი.

 

საინტერესოა ხორვატიის მაგალითი: 2014 წელს ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩატარდა რეფერენდუმი ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით. ხორვატიის მოქალაქეების გადაწყვეტილების შესაბამისად, ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწიება ხორვატიაში კანონით აიკრძალა. ამა თუ იმ ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონება ამ ქვეყნის მოქალაქეების გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ვერ იქნება თავს მოხვეული რომელიმე სხვა ქვეყნისა თუ ორგანიზაციის მიერ.

 

მოუწევს თუ არა საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებაზე უარის თქმა?

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არის სერიოზული გამოწვევა და დაბრკოლება არა მხოლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის თვალსაზრისითაც, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებისას საქართველო წარმოდგენილია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რაც გულისხმობს საქართველოს მისი შემადგენელი ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებით და აღნიშნული საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.

 

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულია, რომ ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში. ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანად განხორციელებისა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს სურვილის გაცხადების შემთხვევაში, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ევროკავშირმა შეცვალოს ზემოაღნიშნული დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შესაბამისად, გაწევრიანების სანაცვლოდ, საქართველოს მოუწიოს უარის თქმა ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებაზე.

 

მეორე მხრივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ყველა ის სარგებელი, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს და ეს ხელს შეუწყობს მათი რეინტეგრაციის პროცესს. ევროკავშირი პერმანენტულად მიმართავს პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთის ფედერაციაზე და მოუწოდებს მას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.

 

რუსეთის ფედერაციისაგან  განსხვავებით, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც აგრძელებს  საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას,  ევროკავშირი არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ქართულ სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციაში ეხმარება. დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული, ეკონომიკურად განვითარებული და უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მყოფი საქართველო მიმზიდველი იქნება ყველასთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დიდწილად შეუწყობს ხელს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებას. ნატო და ევროკავშირი ის ორი ორგანიზაციაა, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს უსაფრთხოებას და დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. 

გამოიწვევს თუ არა უვიზო მიმოსვლა საქართველოდან შრომითი რესურსების, მათ შორის, კვალიფიციური მუშახელის ევროკავშირის ქვეყნებში გადინებას?

შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედება შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, მოქმედი ბიომეტრიული პასპორტით (რომლის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის), ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები, რაც გულისხმობს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: ავსტრიას, ბელგიას, გერმანიას, დანიას, ესპანეთს, ესტონეთს, იტალიას, ლატვიას, ლიტვას, ლუქსემბურგს, მალტას, ნიდერლანდებს, პოლონეთს, პორტუგალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, უნგრეთს, ფინეთს, შვედეთს, ჩეხეთს, ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიას, შვეიცარიას, ბულგარეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ხორვატიას. შენგენის ქვეყნებში საერთო ჯამში 90 დღით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა, ხოლო მომდევნო შესვლა შესაძლებელი გახდება 90 დღის (ჯამში 180 დღე) შემდგომ.

 

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ უვიზო რეჟიმი ეხება მოკლევადიან ვიზიტებს, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა.

უვიზო მიმოსვლა არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით. ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ.

 

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის 90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე მიიჩნევა არალეგალად და დაექვემდებარება რეადმისიას, ანუ საქართველოში დაბრუნებას. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფაქტის შემდგომ მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლით ან დაეკისრება ჯარიმა, 3000 ევროს ოდენობით.

 

ასევე, შენგენის/ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქისათვის აუცილებელია:

  • არ იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და შიდა უსაფრთხოებას, აკრძალული აქვთ ზემოხსენებული ქვეყნებიდან მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა;
  • არ უნდა იყოს ნასამართლევი შენგენის/ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 1 წლით;
  • არ უნდა იყოს ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაციის) ან უკან დაბრუნების (რეადმისიის) შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტი;
  • არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის, ან ასეთი განსაზღვრის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები.

 

საქართველოს  მოქალაქის  იდენტიფიცირება,  რომელიც  ბიომეტრიული  პასპორტით გადაკვეთს  შენგენის  ზონას,  შესაძლებელი  იქნება  უმოკლეს  ვადაში.  შესაბამისად, პირს ექნება არჩევანი მოექცეს  სამართლებრივ ჩარჩოში და შეუზღუდავად იმოგზაუროს  შენგენის  ზონაში დადგენილ ვადებში, ან დაარღვიოს აღნიშნული ნორმები და  დაკავებისა  და  იდენტიფიცირების  შემთხვევაში,  შემდგომ  წლების  განმავლობაში  მას საერთოდ  აეკრძალოს  შენგენის  სივრცეში  შეღწევა.

წარმოადგენს თუ არა ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივას?

ასოცირების შესახებ შეთანხმება არ წარმოადგენს გაწევრიანების ალტერნატივას. ასოცირების შესახებ შეთანხმება არის საქართველოს განვითარების გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგაც ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესი, ფაქტობრივად, შეუქცევადი ხდება. ასოცირების შესახებ შეთანხმების პრეამბულაში აღნიშნულია, რომ მხარეთა საერთო სურვილია, შემდგომში განავითარონ, გააძლიერონ  და გააღრმავონ ურთიერთობები ამბიციური და ინოვაციური გზით. აღსანიშნავია ისიც, რომ ასოცირების შესახებ  შეთანხმება  არ ზღუდავს და ღიად დატოვებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის სამომავლო განვითარების გზას.

 

ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც პატივს სცემს ევროკავშირის ფასეულობებსა და ღირებულებებს -დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვას და კანონის უზენაესობას- შეუძლია, განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროკავშირში გაწევრიანებისათვის კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველმყოფი ინსტიტუტები, პატივს სცემდეს ადამიანის უფლებებსა და უმცირესობებს, უზრუნველყოფდეს მათ დაცვას. ასევე, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მოქმედი საბაზრო ეკონომიკა და კონკურენტუნარიანი იყოს ევროპის შიდა ბაზარზე.

 

ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება და შეთანხმებით გათვალისწინებული მაღალი ევროპული სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას.

როგორ მოახერხებენ ქართული კომპანიები პროდუქციის გატანას ევროკავშირის ბაზარზე, ვინაიდან ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებას ისინი ვერ შეძლებენ? ამავდროულად, ქართული კომპანიები შიდა ბაზარზეც ვერ შეძლებენ გაუწიონ კონკურენცია ევროპულ კომპანიებს.

ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდეც ევროკავშირში ნაწარმოები პროდუქცია დაუბრკოლებლად შემოდიოდა ქართულ ბაზარზე, მისი მაღალი ხარისხიდან და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე. ასოცირების შესახებ შეთანხმება ქართველ  მეწარმეებს  ეხმარება  ევროკავშირის სტანდარტებზე ეტაპობრივად გადასვლაში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული  პროდუქცია იქნება მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც (აშშ-ში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთში).

 

აღნიშნული სტანდარტების მისაღწევად, ქართველ მეწარმეებს ეძლევათ გარკვეული პერიოდი და  საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ინსტრუმენტებით ევროკავშირი ხელს უწყობს, ეს ცვლილებები განხორციელდეს ეტაპობრივად და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ.

 

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შედეგად (DCFTA),  რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების  ხელშეკრულების  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, 2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 646 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით მეტია. 2012  წელს კი ექსპორტმა 353 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 2015 წლისთვის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი 2012 წელთან შედარებით 83%-ით არის გაზრდილი. 

შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მიუხედავად სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას?

მიუხედავად ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერისა, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, თავისი სავაჭრო პოლიტიკა თავად განსაზღვროს. შესაბამისად, საქართველოს შეუძლია თავისუფალი წვდომა ჰქონდეს როგორც ევროპულ ბაზარზე, ასევე, შეინარჩუნოს არსებული, ან დაამყაროს ახალი ეკონომიკური ურთიერთობები სხვა (მათ შორის დსთ-ს) ქვეყნებთან. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, გადაწყვეტილება მიიღოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და ანალოგიური ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულება გააფორმოს ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან.

 

თუმცა, საქართველო ვერ გახდება ნებისმიერი სხვა ქვეყნების მონაწილეობით შექმნილი საბაჟო კავშირის წევრი. გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟო კავშირში (მაგალითად, რუსეთის მიერ შექმნილი ე.წ. „ევრაზიული კავშირი“) გაწევრიანების შემთხვევაში, ქვეყანა იძულებულია, მიიღოს მასში არსებული სავაჭრო კანონმდებლობა, აწარმოოს მისი გადაწყვეტილებების შესაბამისი სავაჭრო პოლიტიკა და შემოიღოს ის საბაჟო ტარიფები, რასაც ეს კავშირი გადაწყვეტს. აღნიშნული ტიპის საბაჟო კავშირი, ასევე, ზღუდავს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივი შეთანხმების შესაძლებლობას.

 

ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შემდეგ საქართველოს თავისუფლად შეეძლება, ერთდროულად რამდენიმე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწეროს ხელი და, რაც მთავარია, აწარმოოს დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკა ნებისმიერ  ქვეყანასთან.

გამოიწვევს თუ არა ასოცირების შესახებ შეთანხმება ეკონომიკურ სირთულეებს?

ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად აღებული ვალდებულებების შესრულება და ეკონომიკური  რეფორმების გატარება ქართული  პროდუქციის ხარისხის ზრდასა და ევროპულ სტანდარტებთან კანონმდებლობის დაახლოებას იწვევს, რის შედეგადაც  საქართველოსთვის ევროკავშირის 508 მილიონი მოქალაქისგან შემდგარი ბაზარი იხსნება.

 

ევროკავშირს მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე, სტაბილური, თამაშის ღია წესებზე დაფუძნებული,  პროგნოზირებადი და დისტრიბუციის გამართული სისტემის მქონე ბაზარი აქვს. ამასთანავე, ქართულ პროდუქციაზე, რომლის ხარისხიც აღნიშნული რეფორმების შედეგად უმჯობესდება და აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, იზრდება მოთხოვნა არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ სხვა ბაზრებზეც.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად საქართველოში წარმოებული პროდუქცია უკვე გათავისუფლდა სატარიფო ბარიერებისგან. ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან ევროკავშირთან შეღავათიანი სავაჭრო შეთანხმების მქონე ყველა პარტნიორმა ქვეყანამ (სამხრეთ აფრიკამ, მექსიკამ, ჩილემ, მაროკომ, და ა.შ.) უკვე მიიღო სარგებელი ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებით და ამ ქვეყნების ვაჭრობის ზრდის მაჩვენებელმა გრძელვადიან პერიოდში ორციფრიან ნიშნულს მიაღწია.