×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
საქართველო და ევროკავშირი

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1992 წლიდანვე იწყება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2003 წლიდან ხდება, როცა საქართველო აქტიურად იწყებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ამ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი კი 2014 წლის 27 ივნისიდან იწყება, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესის შესაბამისად სახელმწიფოებრივ განვითარებას.

თანამშრომლობის ისტორია

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (Partnership and Cooperation Agreement - PCA)

 


თანამშრომლობის ისტორია1992 წელს ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მასთან თანამშრომლობა დაიწყო. თავდაპირველად ეს თანამშრომლობა დაბალი ინტენსივობით მიმდინარეობდა და, ძირითადად, შემოიფარგლებოდა საქართველოსთვის ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარებებით.

 

1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში. შეთანხმება დაიდო 10 წლის ვადით,  ვადის ამოწურვის შემდეგ კი ავტომატურად გაგრძელდებოდა ყოველ წელს, თუ რომელიმე მხარე საწინააღმდეგო პოზიციას არ დააფიქსირებდა.

 

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მოიცავდა მრავალ სფეროს, სადაც მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, ერთობლივად ემუშავათ გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად. მართალია, შეთანხმება არ განსაზღვრავდა კრიტერიუმებს თანამშრომლობის შუალედური ან საბოლოო მიზნებისთვის (მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ კრიტერიუმებს), მაგრამ იგი ითვალისწინებდა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის უწყვეტ პროცესს.

 

შეთანხმების 43-ე მუხლის თანახმად, საქართველომ ვალდებულება აიღო, ეტაპობრივად მიეახლოებინა თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამავე მუხლში ჩამოთვლილია სფეროები, რომლებიც უნდა მოეცვა საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, ესენია: ინვესტიციები, საბაჟო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, საბანკო სამართალი, კომპანიათა ანგარიშები და გადასახადები, ინტელექტუალური საკუთრება, დასაქმებულთა დაცვა სამუშაო ადგილებზე, ფინანსური მომსახურება, კონკურენციის წესები, სახელმწიფო შესყიდვები, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არაპირდაპირი დაბეგვრა, ტექნიკური წესები და სტანდარტები, ბირთვული კანონმდებლობა და ტრანსპორტი და სხვა. ამასთანავე, შეთანხმების 44-ე მუხლი საგანგებოდ საუბრობს კანონმდებლობის დაახლოებაზე კონკურენციის სფეროში.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. შეთანხმების შემდგომ საქართველომ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. 1997 წლის 2 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, 1998 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტში მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესა- ბამებოდეს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს.

 

2000 წლიდან შეიქმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიო- რობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხელშეწყობა დაევალა. კომისიის მიერ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 ივნისის #613 განკარგულებით. შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის შემუშავება. პროგრამაზე მუშაობა 2001-2003 წლებში მიმდინარეობდა. 2004 წლის 8 მაისის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა და მთავრობის წევრებს დაევალათ ეროვნული პროგრამის შესასრულებლად ინდივიდუალური (სექტორული) სამოქმედო გეგმების შემუშავება.

 

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით ჩამოყალიბდა შემდეგი ერთობლივი ინსტიტუტები:

  • თანამშრომლობის საბჭო წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა და მის ფუნქცია პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველობა წარმოადგენდა. ის, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წევრებისგან შედგებოდა. თანამშრომლობის საბჭოზე მხარეები განიხილავდნენ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში წამოჭრილ საკითხებს, აგრეთვე, ორმხრივი თუ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში წამოჭრილ ნებისმიერ სხვა საკითხებს, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენდა და პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიზნებს ემსახურებოდა.
  • თანამშრომლობის კომიტეტი წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების დონეზე. ის ამზადებდა თანამშრომლობის საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფდა, რომ შეხვედრებს შორის უწყვეტი პროცესი ყოფილიყო. თანამშრომლობის კომიტეტი შემდეგ ქვეკომიტეტებს მოიცავდა:
  • ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის;
  • დასაქმებისა და სოციალური საკითხების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ტრენიგის, განათლებისა და ახალგაზრდობის, კულტურის, საინფორმაციო საზოგადოების და აუდიოვიზუალური პოლიტიკისა და მეცნიერების და ტექნოლოგიების;
  • ვაჭრობის, ეკონომიკისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების;
  • სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების.
  • საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი შედგებოდა საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისგან. ეს იყო პლატფორმა პოლიტიკური დიალოგისთვის ევროკავშირისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა - TACIS

 

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის ყოფილ ტერიტორიაზე უზარმაზარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვაკუუმი შეიქმნა, რასაც ყოველმხრივი დახმარება ესაჭიროებოდა. ამ მოვლენათა სწრაფი ტემპისა და დახმარების საჭიროების გათვალისწინებით, ევროკავშირმა წამოიწყო თავისი პროგრამა TACIS – ტექნიკური დახმარების პროგრამა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობისთვის (Technical Assistance to the Commonwealth of Independent States). იგი ვრცელდებოდა შემდეგ ქვეყნებზე: აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. 2007 წელს TACIS -ის პროგრამა  ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტმა (ENPI) ჩაანაცვლა. აღნიშნული პროგრამა იმ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების განხორციელებას უზრუნველყოფდა.

 

მოგვიანებით, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო ფორმალური და პოლიტიკურად აქტიური გახდა. პროგრამა TACIS -ის დაწყებისას ტექნიკური დახმარება ცალკე ხორციელდებოდა, მოგვიანებით კი, ეს პროგრამა პარტნიორ ქვეყნებთან, საქართველოს ჩათვლით, რთული და სწრაფად მზარდი ურთიერთობის ნაწილი გახდა. პროგრამის მიზანი იყო უფრო ღრმა პოლიტიკური ურთიერთოების პრიორიტეტების დაკმაყოფილება. TACIS -ის დახმარების ძირითადი ელემენტი იყო ევროკავშირში არსებული ორგანიზაციების ნოუჰაუს და გამოცდილების გაზიარება პარტნიორი ქვეყნებისთვის. ზოგადად, პარტნიორი კომპანია (კონტრაქტორი) ევროკავშირიდან მუშაობდა პარტნიორ ორგანიზაციასთან (სამთავრობო ან არასამთავრობო) TACIS-ის ქვეყანაში კონკრეტულ პროექტზე. საქართველოში TACIS-ის საქმიანობა ეხმარებოდა ევროკავშირის ზოგად სტრატეგიას, გაეძლიერებინა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი სვლა საბაზრო ეკონომიკისა და კარგად განვითარებული დემოკრატიისკენ.

 

მრავალი პროგრამის განხორციელების შედეგად TACIS-მა წვლილი შეიტანა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, ესენია: ახლად დანიშნულ მოსამართლეთა მომზადება; სტრუქტურული რეფორმები ენერგეტიკულ სექტორში; პარლამენტის ინსტიტუციური მშენებლობა; საჯარო მოხელეთა მომზადება; ქუთაისსა და თბილისში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; საბაჟოს მოხელეთა მომზადება; ახალი საბუღალტრო სტანდარტების დამკვიდრება კომერციულ ბანკებში; ტურიზმის სტრატეგიის განვითარება; საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციისთვის დახმარების გაწევა; პორტებში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება; TRACECA-ს ხიდის მშენებლობა; ფოთი-ილიჩოვსკის სარკინიგზო ბორნის მშენებლობა; რკინიგზაზე კომუნიკაციისა და სასიგნალო სისტემის შექმნის მიზნით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემის დამონტაჟება; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება; გაზის განაწილების ქსელის განვითარება; სტატისტიკის დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა; ტემპუსი – უმაღლესი განათლების განვითარება და რესტრუქტურიზება; ქართულ-ევროპული პოლიტიკის და სამართლებრივი საკონსულტაციო ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის შექმნა და ა.შ. 1992–2006 წლებში ევროკომისიამ ტასისის ფარგლებში საქართველოში ასობით პროექტის განსახორციელებლად 131 მილიონამდე დახმარება გამოყო.

 

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა  (European Neighborhood Policy/ENP)

 
2001-2011 წლებში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები2001-2011 წლებში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები2002 წლის 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ და 2002 წლის 12-13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს კოპენჰაგენის სამიტმა გამოხატა ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების სურვილი რუსეთთან, უკრაინასთან, მოლდავეთთან, ბელორუსიასა და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროს ქვეყნებთან. ასევე, მიესალმა ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის წინადადებებს აღნიშნული მიმართულებით. სამეზობლო პოლიტიკა მიზნად ისახავდა ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთ- დაახლოების პროცესის მხარდაჭერას. სამეზობლო პოლიტიკის საშუალებით ევროკავ შირი თავისი საზღვრების გარშემო დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელებას უწყობდა ხელს.

 

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა საქართველოზე, სომხეთსა და აზერ- ბაიჯანზე 2004 წლის ივნისიდან გავრცელდა და მიზნად ისახავდა პროგრესის მიღწევას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:

  • სტანდარტებისა და წესების ჰარმონიზაცია;
  • ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებისათვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მინიჭება, ევროკავშირის ბაზარზე შეღწევ- ის გაიოლების მიზნით;
  • ადამიანური რესურსის თავისუფალი გადაადგილებისა და კანონიერი მი- გრაციის საფუძვლების შექმნა;
  • თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ, ტერორიზმის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების, ნარკოტიკების ტრანზიტის, ტრეფიკინგის, ფულის გათეთრებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში;
  • ევროკავშირის უფრო აქტიური მონაწილეობა კონფლიქტის დარეგულირების (Conflict Resolution ) და კრიზისულ სიტუაციათა მართვის (Crisis Manage- ment) საკითხებში;
  • მეტი ძალისხმევის მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ;
  • ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყანათა ინტეგრაცია ევროპულ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაციო ქსელებში, ასევე - სამეცნიერო კვლევათა ევროპულ სივრცეში (European Research Area;
  • ინვესტიციების ხელშეწყობისა და მათი დაცვის ახალი ინსტრუმენტების შექმნა;
  • ევროკავშირის `სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების მოთხოვნილებებზე უკეთ ორიენტირებული დახმარების უზრუნველყოფა;
  • დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხების ხელმისაწვდომობის ჩათვლით. 2006 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის დასრულდა საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეთანხმება, რომელიც თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელებას უწყობდა ხელს. სამოქმედო გეგმა 2006 წლის 14 ნოემბერს მიიღეს.

ევროპულმა სამეზობლო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ და ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს.

 

ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (European Neigborhood Policy Instrumanet/ENPI)

 

ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (ENPI) იყო ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობდა სამეზობლო პოლიტიკის კონკრეტული ფინანსური აქტივობებით მხარდაჭერას და 2007 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებდა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტმა ჩაანაცვლა თანამშრომლობის ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: TACIS (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის) და MEDA (ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის). ამ თვალსაზრით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი უზრუნველყოფდა ამ პროგრამებში არსებული სტრატეგიული ხაზის გაგრძელებას. მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საერთო ღირებულებების გაზიარება, სტაბილურობისა და კეთილდღეობის არეალის შექმნა, ინტენსიური თანამშრომლობა და უფრო ღრმა ეკონომიკური და რეგიონული ინტეგრირება თანამშრომლობის სფეროების მთელი სპექტრის გათვალისწინებით. 2007-2013 წლებში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ 16 სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნისა და რუსეთისათვის 11 მილიარდი ევრო შეადგინა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის დახმარება მისი სამეზობლოსათვის.

 

2007 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის 24 მილიონი ევრო გამოიყო, რაც სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული სფეროების რეფორმირებას მოხმარდა. სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში 2007-2010 წლების საერთო ბიუჯეტმა 120 მლნ ევრო შეადგინა.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის კონფლიქტებთან დაკავშირებული პაკეტიდან ევროკომისიამ საქართველოსთვის დამატებით გამოყო 500 მლნ ევრო, რომლის ძირითადი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას მოხმარდა.

 

ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი 2014-2020 წლებისთვის  (ENI- European Neigborhood Instrument)

 

2011 წლის დეკემბერში ევროკომისიამ  წინადადებით მიმართა ევროპულ  პარლამენტს 2014-2020 წლებისთვის  ახალი საგარეო  დახმარების ინსტრუმენტების,  მათ  შორის, ევროპის  სამეზობლო  ინსტრუმენტის დამტკიცების  თაობაზე. 2011  წლის   25   მაისის  ერთობლივი კომუნიკაციის  თანახმად,  ახალი ევროპის  სამეზობლო  ინსტრუმენტი (ENI _ European Neigborhood Instrument) ევროკავშირის  საზღვრებიდან   აღმოსავლეთით და სამხრეთით   მდებარე  16  პარტნიორ   ქვეყანას   აღმოუჩენდა   დახმარებას,   2014  წლიდან 2020  წლამდე პერიოდში. აღნიშნული ინსტრუმენტი საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა. ENI-ის საერთო ბიუჯეტი 2014-2020 წლებში შეადგენს 15 მილიარდ ევროს 16 სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნის მხარდასაჭერად, შემდეგი მიმართულებით: 1) ორმხრივი პროგრამები, რომლებიც ცალკეული  პარტნიორი  ქვეყნისთვის  მხარდაჭერას ითვალისწინებს; 2) მრავალმხრივი პროგრამები,  რომლებიც  ყველა  ან რამდენიმე  პარტნიორი ქვეყნის  წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებს პასუხობს და ასევე მოიცავს რეგიონულ და ქვერეგიონულ  თანამშრომლობას  ორ  ან  მეტ  პარტნიორ    ქვეყანას  შორის; 3) საზღვრისპირა თანამშრომლობა (CBC).

 

პარტნიორი ქვეყნების წახალისების მიზნით, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი  დიფერენცირების   მეთოდს   და   მეტი   მეტისთვის პრინციპს   გამოიყენებს: რეგულაციის   თანახმად,   განსაკუთრებული   ყურადღება  დაეთმობა  იმ   ქვეყნებს,   რომლებიც   რეალურად   მონაწილეობენ   კანონის   უზენაესობაზე   დაყრდნობით  ძლიერი  და   მდგრადი   დემოკრატიის   მშენებლობაში და  ფინანსური  დახმარების   გამოყოფის  კრიტერიუმები   დიფერენცირების  პრინციპს   დაეყრდნობა. ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი  უნდა   ასახავდეს   ქვეყნის   ამბიციის   დონეს  ევროკავშირთან   პარტნიორობის   თვალსაზრისით,   მის   პროგრესს   ღრმა   და  მდგრადი   დემოკრატიის   მშენებლობასა და რეფორმების  განხორციელების  მხრივ  შეთანხმებული   მიზნების   შესრულებაში. ENI-ს მთავარი მიზნებია:  ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფ ლებათა ხელშეწყობა; ევროკავშირის შიდა ბაზარზე პროგრესული ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა; ნდობის აღდგენა უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით და კონფლიქტების აღკვეთა და მოგვარება; ასევე გამახვილდება ყურადღება ხალხთა შორის კონტაქტების ზრდაზე, დარგობრივ თანამშრომლობასა (მაგ. ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში) და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებაზე. ENI-ს რეგულაცია უზრუნველყოფს უფრო გაზრდილ კავშირებს ევროკავშირის  შიდა ინსტრუმენტებსა და  პოლიტიკასთან, რათა გაძლიერდეს ევროკავშირის პოლიტიკით განსაზღვრული დახმარება, რაც ევროკავშირის ბიუჯეტის შიდა და გარე ინსტრუმენტების შესაბამისობას უზრუნველყოფს. შედეგად, პარტნიორ ქვეყნებსა და მათ მოქალაქეებს  მიეცემათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის წარმატებულ შიდა პროგრამებში, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სტუდენტების  მობილობა, ახალგაზრდული პროგრამები ან სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობას, ENI-ს რეგულაცია აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევიან არა უბრალოდ ENI-ს დაფინანსების ბენეფიციარებად, არამედ იძენენ უფრო მნიშვნელოვან როლს ENI-ს საქმიანობების დაგეგმვაში, ასევე მათ განხორციელებასა და მონიტორინგში. 

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის  (Eastern Partnership  - EaP)

 
აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership - EaP) ინიციატივა, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან, მოლდავეთთან, საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან) თანამშრომლობის ახალი ფორმატი, თავდაპირველად შვედეთმა და პოლონეთმა  შეიმუშავეს.

 

2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ გამოიწვია აღნიშნული პროცესის დაჩქარება და გარკვეულწილად განაპირობა კიდეც ამ ინიციატივისადმი ევროკავშირის დადებითი გამოხმაურება. შესაბამისად, 2008 წლის დეკემბერში ევროკომისიას დაევალა ამ ინიციატივასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა.

 

ევროკომისიამ 2008 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ კომუნიკაცია, რომელიც 2009 წლის 19 მარტს ევროპული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ალტერნატივა, არამედ ის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას, საერთო ფასეულობების გავრცელებას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა ვითარდება ორი მიმართულებით: ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. ორმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს: ასოცირების შესახებ შეთანხმებების (Association       Agreements) გაფორმების გზით ახალი, უფრო ფართო საკონტრაქტო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზანი კი უზრუნველყოფს ახალ ფორმატს, რომელიც საერთო ინტერესთა სფეროში თანამშრომლობისა და გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ფორმატი უსაფრთხოების, მიგრაციის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორცილების გზით რეგიონში თანამშრომლობის პროცესების განვითარებას ისახავს მიზნად.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი თანამშრომლობის ინსტიტუტები:

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

 

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მოხდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციონალიზაცია ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, 2009 წლის 17 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (EaP Civil Society Forum - CSF) დაფუძნდა. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში ამჟამად ხუთი სამუშაო ჯგუფი მოქმედებს. მათგან 4 შინაარსობრივად აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის თემატური პლატფორმების ანალოგიურია, ხოლო მე-5 თემატური ჯგუფის (სოციალური პარტნიორობა და სოლიდარობა) დაარსების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 28-30 ნოემბერს პოლონეთში, ქ. პოზნანში,  CSF-ის მესამე შეხვედრაზე მიიღეს.  CSF-ის მუშაობას 18 წევრისგან შემდგარი მმართველი კომიტეტი ხელმძღვანელობს. მისი წევრები არიან თითოეული სამუშაო ჯგუფის კოორდინატორები, პარტნიორი ქვეყნებიდან ეროვნული კოორდინატორები (National Facilitators), ასევე, ევროკავშირისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მმართველი კომიტეტის სამდივნო ქ. ბრიუსელში ჩამოყალიბდა. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სხდომები ყოველწლიურად იმართება. ფორუმის სხდომებზე ხდება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების თვის რეკომენდაციების შემუშავება. CSF-ის მუშაობის წარმართვის მიზნით, თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში შექმნილია ეროვნული პლატფორმები. ამ დროისათვის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში 126 ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. დაარსებიდან ექვს წელიწადში, პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრიდან გარდაიქმნა ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკის ფორუმად, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსიას, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას) თავიანთი იდეებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მეშვეობით აერთიანებს და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის გავრცელებას ისახავს მიზნად.

 

ევრონესტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მოქმედებს ევრონესტი (Euronest) -თანამშრომლობის  საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც 2011 წლის 2-3 მაისს ბრიუსელში ევროპარლამენტის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა. 2013 წლის 13-15 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა.

 

ასამბლეა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 6 ქვეყნის (საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელორუსიისა და მოლდავეთის) 10-10 პარლამენტარსა და ევროპარლამენტის 60 დეპუტატს აერთიანებს.