×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
რა არის ევროკავშირი?

ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში.

ევროკავშირის ისტორია

ევროკავშირის ისტორია

 

 

საუკუნეების განმავლობაში, ევროპის კონტინენტმა მრავალი სისხლისმღვრელი ომი იხილა, მეორე მსოფლიო ომმა კი ევროპას არა მხოლოდ მილიონობით დაღუპული მოქალაქე, არამედ განადგურებული ეკონომიკა და მყიფე უსაფრთხოება მოუტანა. ნათელი იყო, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი.

 

ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა, რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია. ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა - გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები.

 

შედეგად, 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო - ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. გადაწყდა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი სუპრაეროვნული (ზეეროვნული) ორგანო, ე.წ. ,,უმაღლესი ხელისუფლება” (High Authority), რომელიც განაგებდა ამ ქვეყნებში ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. უმაღლესი ხელისუფლების პირველ პრეზიდენტად დაინიშნა ჟან მონე. 1953 წელს შეიქმნა რკინის, ნახშირის, მადნეულის და ჯართის საერთო ბაზარი; იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით, შეიქმნა ფოლადის საერთო ბაზარიც. 

 

ორი წლის შემდეგ, იტალიის ქალაქ მესინაში ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განეგრძოთ ინტეგრაციის პროცესი (ცნობილია მესინის ინიციატივის სახელით). შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომიტეტი, რომელმაც მოამზადა საფუძველი რომის ხელშეკრულებისათვის, რის შედეგადაც საფუძველი დაედო „ევროპის ეკონომიკური გაერთიანებას“. რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე, საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

 

რომში ცალკე ხელშეკრულებით დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის.

 

1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა (შემდგომში ევროგაერთიანება) და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების - კომისიისა (შემდგომში ევროპული კომისიის) და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“, ხოლო 1992 წელის მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე - "ევროკავშირი" ეწოდა.

 

ევროკავშირი დღეისათვის 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის.