×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
რა არის ევროკავშირი?

ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში.

ევროკავშირის განვითარების ეტაპები

ევროკავშირი მუდმივად ავითარებდა და დღესაც ავითარებს მის სტრუქტურას, რომელსაც ისტორიული პრეცენდენტი არ გააჩნია. ევროკავშირის ფუძემდებლურ კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები, რომლებიც საფუძველს უყრიან ევროკავშირის პოლიტიკას, აფუძნებენ მის ინსტიტუციურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებსა და ძირითად უფლებამოსილებებს.

 

რომის ხელშეკრულებიდან ერთიან ევროპულ აქტამდე

 

რომის ხელშეკრულება 1957 წელირომის ხელშეკრულება 1957 წელი„ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებაში“ შემავალ ექვს ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილურმა და პროგრესირებადმა ხასიათმა განაპირობა ის, რომ გადაწყდა შეექმნილიყო „ევროპის ეკონომიკური გაერთიანება“, რომელსაც 1957 წელს რომის ხელშეკრულება დაედო საფუძვლად. რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე, საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

 

რომში ცალკე ხელშეკრულებით დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის.

 

1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა (შემდგომში ევროგაერთიანება) და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების - კომისიისა (შემდგომში ევროპული კომისიის) და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“ ეწოდა. სახელმწოდება შეიცვალა 1992 წელს ხელოწერილი მაასტრიხტის ხელშეკრულებით და ევროგაერთიანებები ევროკავშირად გარდაიქმნა.

 

1968 წელს ამოქმედდა ევროკავშირის საბაჟო კავშირი, რომელსაც რომის ხელშეკრულებით ჩაეყარა საფუძველი და რომლის თანახმადაც, გაუქმდა სავაჭრო ტარიფები წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე დაწესდა საერთო ტარიფები გაერთიანების არაწევრ ქვეყნებთან მიმართებით.

 

70-იან წლებში დაიწყო საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობათშორისი თანამშრომლობის განვითარება. 1970 წლიდან წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კვარტალში ერთხელ იკრიბებოდნენ საგარეო პოლიტიკური საკითხების განსახილველად, შეიქმნა მუდმივმოქმედი პოლიტიკური სამდივნო -  მოგვიანებით აღნიშნული თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბება განხორციელდა.

 

1974 წელს მოხდა წევრი სახელმწიფოების მეთაურთა უმაღლეს დონეზე შეხვედრების ფორმალიზება; თუ 1969 წლიდან ის წელიწადში ერთხელ იმართებოდა, 1974 წლიან ასეთი შეხვედრების მინიმუმ ორჯერ გამართვა გადაწყდა. ევროპული საბჭოს ფარგლებში ხდება ინტეგრაციის მთავარი ორიენტირების განსაზღვრა. მისმა შექმნამ, ძირითადად, ინტეგრაციის მთავრობათაშორისი ხასიათის ელემენტის გაძლიერება გამოიწვია.

 

შენგენის შეთანხმება

 

1985 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის. დღეისათვის შენგენის ხელშეკრულება 26 ქვეყანას აერთიანებს:

  • ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას: ავსტრიას, ბელგიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, ლატვიას, ლიტვას, ლუქსემბრუგრს, მალტას, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთსა და შვედეთს;
  • ევროკავშირის 4 არაწევრ ევროპულ ქვეყანას: შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს. აღნიშნული ქვეყნები ერთად ქმნიან შენგენის ზონას. შენგენის ზონის 4 კანდიდატი ქვეყანაა: ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია და რუმინეთი.
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დიდი ბრიტანეთი და ირლანდია არ არიან შენგენის ზონის წევრები.

შენგენის ზონის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო მის შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება. შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოებს შორის საზღვრები უნდა გაუქმებულოყო, ხოლო გარე საზღვრები - გამაგრებულოყო. ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთიანი პოლიტიკა აწარმოონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას.

 

„საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის“ შეთანხმებას ხელი მოეწერა შენგენში, ლუქსემბურგის პატარა სოფელში, სადაც ლუქსემბურგის, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვარი იკვეთება.

 

ერთიანი ევროპული აქტი

 

1986 წლის 28 თებერვალს ევროპული გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ე.წ. ერთიან ევროპულ აქტს, რომლითაც ცვლილებები და დამატებები შევიდა ევროპული გაერთიანებების დამფუძნებელ ხელშეკრულებებში. ერთიანი ევროპული აქტი გახდა პირველი ყოვლისმომცველი სარევიზიო აქტი, რომლითაც ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზება განხორციელდა, კერძოდ: ევროპული საბჭო გაერთიანების ერთ-ერთ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა; შეიქმნა პირველი ინსტანციის სასამართლო; საპარლამენტო ასამბლეას ოფიციალურად ეწოდა ევროპული პარლამენტი; შემოიღეს ახალი ნორმაშემოქმედებითი პროცედურა - თანაგადაწყვეტილების პროცედურა, რომლითაც გაძლიერდა პარლამენტის როლი; გაიზარდა კომისიის უფლებამოსილებებიც; ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გავრცელდა ბევრ ისეთ სფეროზე, სადაც მანამდე გადაწყვეტილება მხოლოდ ერთხმად მიიღებოდა.

დღის წესრიგში დადგა საერთო ბაზრის ჩამოყალიბების საბოლოო ფაზაში შეყვანა და დაიწყო შიდა ბაზრის შესაქმნელად აუცილებელი რეფორმების გატარება, რაც გულისხმობდა არსებული ბარიერებისა (კვოტები, ტარიფები) და ეკონომიკური დაბრკოლებებისგან თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეს, სადაც თავისუფლად უნდა მომხდარიყო ე.წ. „4 სახის თავისუფლების“: საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილება. შიდა ბაზრის შექმნა 1992 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა დასრულებულიყო.

 

მაასტრიხტის ხელშეკრულება

 

ბერლინის კედლის დანგრევამ, რასაც გერმანიის გაერთიანება მოჰყვა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა კონტროლიდან გათავისუფლებამ, აგრეთვე, 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამ და მნიშვნელოვანმა დემოკრატიულმა პროცესებმა ევროპის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა განაპირობა.

 

1992 წლის 7 თებერვალს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა. მაასტრიხტის ხელშეკრულებით, შესწორდა და ერთ პოლიტიკურ დოკუმენტში გაერთიანდა ყველა მანამდე არსებული - პარიზის (1950წ.) და რომის (1957წ.) ხელშეკრულებები და ერთიანი ევროპული აქტი (1986წ.).

 

მაასტრიხტის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად სვეტს: პირველსვეტში გაერთიანდა ევროპის არსებული გაერთიანებები (ევროპის გაერთიანება, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება). მეორე სვეტში შევიდა საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, ხოლო მესამე სვეტში - თანამშრომლობა მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებში.

 

პირველ სვეტში შემავალ საკითხებად განისაზღვრა: საბაჟო კავშირი, საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, ერთიანი ბაზარი, სავაჭრო პოლიტიკა. ამ სვეტს ამსტერდამის ხელშეკრულებით, შემდგომში სხვა საკითხებიც დაემატა;

 

მეორე სვეტი შემდგომ საკითხებს არეგულირებდა: თანამშრომლობა საერთო საგარეო პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე, სამშვიდობო მისიები, დახმარება არაწევრი ქვეყნებისათვის, ევროპის უსაფრთხოების, განიარაღებისა და თავდაცვის დაფინანსების საკითხი;

 

მესამე სვეტში შემავალი საკითხები იყო: წევრი ქვეყნების პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო სისხლის სამართლის საკითხებში, საპოლიციო თანამშრომლობა, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

ხელშეკრულების თანახმად, პირველ სვეტში საკითხები გადაწყდებოდა ზეეროვნულ (ანუ ევროპულ) დონეზე, ხმათა უმრავლესობით, სადაც გადამწყვეტი როლი დაეკისრა ევროკომისიას და ევროპარლამენტს, საბჭოსთან ერთად. დანარჩენ ორ სვეტში წამყვანი როლი მიენიჭა საბჭოს და გადაწყვეტილებები მიიღებოდა ეროვნულ დონეზე, წევრი ქვეყნის ხელმძღვანელებისა და მინისტრების მიერ. აქ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. მეორე და მესამე სვეტის საკითხებში, ანუ საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის, ასევე მართლმსაჯულებისა და შინაგან სამქეებში, კომისია და პარლამენტი ვერ ჩაერეოდნენ.

 

ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფოებს არ სურდათ, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები - ქვეყნების უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, საშიანაო საქმეები და იუსტიციის საქმეები მიენდოთ კომისიისა და პარლამენტისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორგანოების მოვალეობას წარმოადგენდა საერთო ევროპული ინტერესების მიხედვით მოქმედება და არა ეროვნული ინტერესების დაცვა, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ვერ შეძლებდნენ, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, მოეხდინათ ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე.

 

მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, გაიზარდა ევროპარლამენტის ძალაუფლება, კერძოდ - თანაგადაწყვეტილების პროცედურის შემოღებით, ევროპარლამენტს მიენიჭა თანაბარი უფლება, საბჭოსთან ერთად მიეღო მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესის გარკვეულ სფეროებში. კომისიის მთლიანი შემადგენლობის დამტკიცებისთვის აუცილებელი გახდა ევროპარლამენტის თანხმობა. ევროპარლამენტთან შეიქმნა ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც მიეცა უფლება, შეემოწმებინა ევროკავშირის სამართლის დარღვევის ფაქტები.

 

მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, გადაწყდა ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა, რომლის განხორციელებაც უნდა მომხდარიყო ეკონომიკური პოლიტიკის მჭიდრო კოორდინაციისა და ერთიანი სავალუტო ერთეულის - ევროს შემოღების გზით. ამ მიზნით შიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკი. გადაწყდა ევროპის მოქალაქეობის შემოღებაც. მაასტრიხტის ხელშეკრულებაში ასევე იყო საუბარი ერთიანი სოციალური პოლიტიკის შექმნის შესახებ, თუმცა ეს თავი საბოლოოდ ამოიღეს, რადგან სოციალური პოლიტიკა, ისევე როგორც საგარეო და დაბეგრვის პოლიტიკა, წევრმა სახელმწიფოებმა ქვეყნის საშიანო საქმეებად მიიჩნიეს. მაასტრიხტის ხელშეკრულება 1993 წელს შევიდა ძალაში.

 

ამსტერდამის ხელშეკრულება

 

ამსტერდამის ხელშეკრულება 1997ამსტერდამის ხელშეკრულება 1997
1997 წელს ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ამსტერდამის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი. ამსტერდამის ხელშეკრულება მოიცავს იმ საკითხებს, რომელზეც ვერ შეთანხმდნენ მაასტრიხტში. სამთავრობათაშორისო კონფერენცია, ძირითადად, მიზნად ისახავდა ისეთი ინსტიტუციური სისტემის შექმნას, რომელიც უპრობლემოდ უზრუნველყოფდა ევროკავშირის მომავალ გაფართოებას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაციას. მიუხედავად ამისა, ძირითადი თემები, რომელთა გარშემოც დებატები გაიმართა ამსტერდამის ხელშეკრულების მიღების პროცესში, ეხებოდა ევროკავშირის მმართველი სისტემის „მოქნილობის“ გაზრდას და „თავისუფლების, უსაფრთხოებისა და იუსტიციის“ არეალის შექმნას.

 

მოქნილობის გაზრდა გულისხმობდა ევროკავშირის მმართველი ორგანოების სტრუქტურის დახვეწას, რათა უკეთ მორგებოდა იმ პერიოდისთვის 15 წევრამდე გაზრდილ ევროკავშირს, სადაც კიდევ იგეგმებოდა ახალი წევრების მიღება.

 

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს, იყო მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის გაღრმავება. სავიზო რეჟიმები, სასაზღვრო კონტროლი, თავშესაფრის მიცემისა და იმიგრაციის პოლიტიკა, პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო საკითხებში, ზოგადად ადამიანის უფლებათა და არაწევრი ქვეყნების უფლებათა დაცვა ევროპული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ფარგლებში მოექცა და ევროკავშირის კომპეტენციათა პირველ სვეტში გაერთიანდა. მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის სვეტში დარჩა პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში. გაფართოვდა ევროპული გაერთიანების კომპეტენციები, აგრეთვე, სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროში. საპოლიციო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით - შეიქმნა ევროპული პოლიცია - ევროპოლი. მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომელიც ამსტერდამის ხელშეკრულებით შემოიღეს, არის - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთო საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკის საკითხებში, რომელიც, იმავდროულად, საბჭოს გენერალური მდივანიც იყო. პარლამენტის უფლებამოსილებები გაიზარდა თანაგადაწყვეტილების პროცედურის მოქმედების საკმაოდ მრავალი კომპეტენციის ნორმაზე გავრცელების გზით. გარდა ამისა, აუცილებელი გახდა კომისიის პრეზიდენტის კანდიდატურაზე პარლამენტის თანხმობა.

 

ნიცის შეთანხმება

 

მთავრობათაშორისმა კონფერენციამ 2000 წლის დეკემბერში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხელშეკრულება შეიმუშავა. მას ხელი მოეწერა 2001 წლის თებერვალში, ხოლო ძალაში შევიდა 2003 წლის თებერვალში. ნიცის შეთანხმების ძირითადი მიზანი იყო გაფართოების ახალი ტალღისათვის ინსტიტუციური საფუძველის მომზადება. ნიცის ხელშეკრულებით განისაზღვრა ახალი დებულებები ორგანოების შემადგენლობასა და საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებისას თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის მინიჭებული ხმათა რაოდენობის შესახებ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დემოგრაფიულ ელემენტზე (აღნიშნული სისტემა შეიცვალა ლისაბონის ხელშეკრულებით). კიდევ უფრო გაიზარდა ევროპარლამენტის უფლებამოსილებები, კეროდ, თანაგადაწყვეტილების პროცედურამ სულ უფრო მეტი კომპეტენციის ნორმა მოიცვა. ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გავრცელდა ბევრ ისეთ კომპეტენციის ნორმაზე, რომელთა ფარგლებში ადრე გადაწყვეტილება ერთხმად უნდა ყოფილიყო მიღებული.

 

ნიცის შეთანხმების ერთ-ერთი შედეგი იყო ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის ერთსულოვანი მიღება. ეს გახლდათ 50 პუნქტისგან შემდგარი კრებული ევროპის სამართალში ადამიანის თავისუფლების, ეკონომიკური და სოციალური უფლებების შესახებ.

 

ლისაბონის შეთანხმება
ლისაბონის შეთანხმება 2007 წელილისაბონის შეთანხმება 2007 წელიე.წ. „რეფორმის ხელშეკრულებას“, რომელის სრული სახელწოდებაა „ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროპული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, 2007 წლის 13 დეკემბერს ხელი მოეწერა ლისაბონში (პორტუგალია) და იგი ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერს. ხელშეკრულება შინაარსობრივად საკონსტიტუციო ხელშეკრულების ტექსტს შეესაბამება, თუმცა მასში არ ჩაიდო ისეთი ცნებები, რომლებიც, როგორც წესი, სახელმწიფოსთან ასოცირდებოდა, მაგალითად: კონსტიტუცია, ევროპული კანონი და ა.შ. ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირს სამართალსუბიექტობა მიენიჭა. გარდა ამისა, ხელშეკრულება ძირითადად ითვალისწინებდა ცვლილებებს ევროკავშირის ინსტიტუციურ სისტემასთან მიმართებაში. ლისაბონის ხელშეკრულების მიზანი იყო ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი, ერთიანი მმართველობის შექმნა, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიღების შედარებით მარტივი სისტემის ჩამოყალიბება. ლისაბონის შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობები. ლისაბონის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა გადაწყვეტილებების მიღების გაადვილებას ევროკავშირის დონეზე, რაც მისი წევრი ქვეყნების სიმრავლესთან ერთად, დროთა განმავლობაში, სულ უფრო რთულდებოდა. ამ მიზნით, ახალი ხელშეკრულება ვეტოს უფლების შემცირებას ითვალისწინებდა, სამაგიეროდ, ზრდიდა ევროპარლამენტისა და ეროვნული პარლამენტების უფლებებს. ცვლილებები შევიდა ხმის მიცემის პროცედურებში: 45-ზე მეტ სფეროში ერთსულოვნების პრინციპი შეიცვალა კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით.

 

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ თანაგადაწყვეტილების პროცედურა გავრცელდა პირველი სვეტის 83 სფეროზე და გადაწყვეტილების მიღების ამ ფორმას ევროკავშირის ნორმატიული აქტების მიღებისას ჩვეულებრივი პროცედურა (Ordinary Procedure) ეწოდა.

 

სხვა სიახლეებთან ერთად, ლისაბონის შეთანხმება ევროპელ მოქალაქეებს საკანონმდებლო ინიციატივას (European Ccitizens’ Initiative) უფლებასაც ანიჭებდა.