ევროპის დღეები 2020 საქართველოში, წელს უკვე მერვედ, მაგრამ განსხვავებული - ციფრული საინფორმაციო კამპანიის ფორმატით გაიმართა. სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, წლევანდელი ევროპის დღეების ორთვიანი ციფრული საინფორმაციო კამპანია ეგიდით - "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის" 9 მაისს - 3 ივლისს განმავლობაში განახორციელა. ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.
ყოველწლიური ღონისძიებათა ციკლი „ევროპის დღეები“ წელს მეშვიდედ ჩატარდა. საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ 5 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 100-მდე ღონისძიება გამართა. წელს ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა და იმ ხელშესახებ ახალ შესაძლებლობებზე მოხდა ყურადღების გამახვილება, რაც აღნიშნულმა თანამშრომლობამ განაპირობა. „ერთად ძლიერები ვართ“ - სწორედ ამ სლოგანით გაიხსნა ევროპის დღეები რიყის პარკში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კარავი მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა სტუმრებს საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად და სტუმრებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის წესებს სიმულაციური თამაშით აცნობდა. წლევანდელი ევროპის დღეები მოქალაქეთა ჩართულობის ზრდითა და მასშტაბური აქტივობებით გამოირჩეოდა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სასწავლო ვიზიტი ესტონეთში პედაგოგებისთვის; საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში; სემინარი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ხელმძღვანელებისთვის, სხვადასხვა აქტოვობები ღია ცის ქვეშ, საჯარო შეხვედრების ციკლი „მე - ევროპელი“, სემინარები სტუდენტებისთვის - ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, პედაგოგებისთვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“, რეგიონული თვითთმართველობების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელებისთვის, მედიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ფერმერებისთვის. ევროპის დღეები 2019 არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს, არამედ ასოცირების შესახებ შეთანხმების 5 წლის იუბილესაც მიეძღვნა. ევროპის დღეები საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ევროპის დღეები 2018 საზეიმოდ 5 მაისს გაიხსნა და 22 მაისამდე გაგრძელდა. ყოველწლიურ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 100-მდე აქტივობა გაიმართა, რომელშიც 9 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ევროპის დღეები მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, მათ შორის: სემინარი რეგიონალური უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, კონფერენცია პედაგოგებისთვის – „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“, ტრენინგი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის, კულტურულ-საგანმანათლებლო გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, დებატები, სპორტული ღონისძიებები, საჯარო ლექციები, ასევე, შეხვედრები რეგიონებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში. ევროპის დღეები 2018 განსაკუთრებული ინტენსივობით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების ჩაერთულობით გამოირჩეოდა. მარტო 85-მდე ღონისძიება სწორედ რეგიონებში გაიმართა, რის შედეგადაც 6 300-მდე ადამიანთან დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია. ევროპის დღეები საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა მაისი ევროპის თვედ აქცია. ყოველწლიურ ღონისძიებათა ციკლი „ევროპის დღეები“ 7-დან 25 მაისის ჩათვლით უკვე მეხუთედ აღინიშნა, რომელსაც წელს ფონად 28 მარტიდან ევროკავშირთან გახსნილი ახალი შესაძლებლობა - ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლა გასდევდა.
შევეგებოთ ახალ შესაძლებლობებს - ეს ევროპის დღეების სლოგანია, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა 7 მაისს, რიყის პარკში, ევროპის დღეების საზეიმო გახსნაზე განსხვავებული ფორმატით აღნიშნა. როგორ ვიმოგზაუროთ ევროკავშირში? - ამ კითხვაზე საინფორმაციო ცენტრის კარავში მთელი დღის განმავლობაში მოისმენდით პასუხს, უვიზოდ მოგზაურობის სიმულაციურ დადგმაში მონაწილეობის შემდეგ. გრაფიკული კარი, რომელიც საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენდა, სტუმრებს მათთვის სასურველ ევროპულ ქალაქში ეპატიჟებოდა.
ევროპის დღეების მხიარული და ფერადი განწყობა 25 მაისამდე გაგრძელდა. წლევანდელი ევროპის დღეები მოქალაქეთა ჩართულობის ზრდითა და მასშტაბური აქტივობებით გამოირჩეოდა, ღონისძიებათა ციკლს განსაკუთრებული მონდომებით კი რეგიონები შეუერთდნენ. ევროპის დღეების ფარგლებში დედაქალაქსა და საქართველოს 30-მდე მუნიციპალიტეტში 80-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა, შედეგად კი 7800-ზე მეტ მოქალაქეს მივაწვდინეთ ხმა.
ახალგაზრდები, მასწავლებლები, ფერმერები, რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა და საჯარო მოხელეები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები - ყველა ერთი მიზნით ჩაერთო ევროპის დღეებში, რომ გაეგოთ მეტი ევროკავშირზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და იმ სარგებელზე, რასაც ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას სთავაზობს.
ევროპის დღეები საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.
2016 წელი, 8 მაისი, საინფორმაციო ცენტრის კუთხე უკვე მზად არის და ევროპული სოფლის სტუმრებს ელოდება: ბროშურები, წიგნები, ბუკლეტები ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობისა შესახებ, დროშები და ბუშტები ბავშვებისთვის. ასევე,მხატვარი და მემოგრამი, რომლითაც ნებისმიერი მსურველი უამრავ სახალისო ფოტოს გადაიღებს და სამახსოვრო სურათიც დარჩება - წარწერით ევროკავშირთან ერთად! - ეს ევროპის დღეების დასაწყისია.
მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახსნის შემდეგ 2016 წლის ევროპის დღეებმა სტარტი თბილისიდან აიღო, მოგვიანებით მას საქართველოს 8 რეგიონმა აუწყო ფეხი. პროექტი „მასწავლებელი, მეგზური ევროპისკენ“, რომელმაც ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე 100 პედაგოგს უმასპინძლა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ევროკავშირის შესახებ ლიტერატურა იყო გამოფენილი. კულინარიული შოუ „შეფ-მზარეული ელჩები“, რომლის მეშვეობითაც ევროპული სახელმწიფოების მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. საქართველოს და ევროკავშირის თამანშროლობის მარკის პრეზენტაცია, რომელიც მოხმარებაში სულ რაღაც 2 თვეში ჩაეშვება, ასევე, „ევროპული კაფეების ტური“, რომლის ფარგლებშიც სლოვაკი და ქართველი ექსპერტები საქართველოს 7 რეგიონს ესტუმრნენ და ფრანების აქცია რიყის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად - ეს ევროპის დღეების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მცირე ჩამონათვალია.
მაისის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში 105 ღონისძიება გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები, პარტნიორერბთან და ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე 5000-ზე მეტ მოქალაქეს პირისპირ შეხვდნენ. მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები, ფერმერები, სასულიერო პირები თუ საჯარო მოხელეები - სხვადასხვა, მათთვის საინტერესო ფორმით იღებდნენ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების და სიკეთეების შესახებ, რომელიც ევროინტეგრაციას ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის მოაქვს. ევროპის დღეები საქართველოში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის, პრემიერ-მინისტრის აპარატის, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, საქართველოში ესტონეთის საელჩოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD), კავშირი „21 საუკუნის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია გლობსეკის მხარდაჭერით განხორციელდა.
2015 წლის ევროპის დღეები ოფიციალურად 4 მაისს თბილისის საკრებულოში გაიხსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიმართეს. ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის თემაზე შექმნილი ილუსტრირებული ბროშურის: „ევროპული გზა-ეს ჩემი არჩევანია" პრეზენტაცია შედგა. ევროპის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, ამავე წიგნში შესული ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ევროპის კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, მოეწყო ახალგაზრდა რეჟისორთა მიერ შექმნილი ეტიუდების წარმოდგენა: „იქ, სადაც შენი სახლია". ხუთი მინიატურისგან შემდგარი სპექტაკლის იდეა ქართული და ევროპული ღირებულებების ერთობა და საზოგადოების აღნიშნული თემით დაინტერესება გახლდათ.
10 მაისს ალექსანდრესა და 9 აპრილის პარკებში ღია ცის ქვეშ ევროპის დღე აღინიშნა, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. წარმოდგენილი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამზარეულო, ტრადიციული სამოსი და კულტურა. გაიმართა კონცერტები ქართველი და ევროპელი შემსრულებლების მონაწილეობით.
2015 წლის ევროპის კვირეული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აპარატის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
2014 წელს ევროპის დღეები 5 მაისს - 14 მაისამდე მიმდინარეობდა. ევროპის დღეები კონფერენციით: „ჩვენი ევროპული არჩევანი" გაიხსნა, რომელიც ევროკავშირის თემაზე წინასწარ გამოცხადებული ესეების კონკურსისა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოცხადებული კონკურსის დასკვნით ფაზას წარმოადგენდა. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში, ანდრჟეი ჩიეშკოვსკიმ გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები.
,,ევროპის დღეები დაიწყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინ რამდენიმე კვირით ადრე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად მასშტაბურად ვატარებთ წელს ევროპის დღეებს. ზოგადად, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებში ცნობადობის ამაღლების, ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება და მოხარული ვარ, რომ ჩვენთან ერთად საზოგადოების შეძლებისდაგვარად ფართო სპექტრია წარმოდგენილი."- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ევროპის კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანიც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე საზოგადოების ცნობადობის ამაღლება გახლდათ.
კვირეულის ფარგლებში შედგა შეხვედრები სტუდენტებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ფერმერებთან, პრობაციონერებთან - გაიმართა სპორტული ტურნირები, გამოფენები და სხვა საინტერესო ღონისძიებები როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.
2013 წელს ევროპის კვირეული 7-11 მაისს გაიმართა. კვირეული ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა, სადაც ესსების, ფოტოებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებული ავტორების ნაშრომები გამოფინეს, გამარჯვებულები კი დააჯილდოვეს. ღონისძიებას, სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი დაესწრნენ.
ევროპის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში: გაიმართა შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, დაჯილდოვდნენ სხვაფასხვა კონკურსში გამარჯვებულები, მოეწყო სპორტული ღონისძიებები და გამწვანების აქციები. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
ევროპის კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.