×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
საქართველო და ნატო

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოადგენს. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოს როლს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებთან და ალიანსის რეკომენდაციებთან, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას. თავის მხრივ, საქართველო, როგორც ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

მნიშვნელოვანი თარიღები
  • 1992 წელს საქართველო გახდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი (NACC);
  • 1994 წლის 23 მარტს საქართველო შეუერთდა ნატოს «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამას (PfP);
  • 1995 წლის 18 ივლისს საქართველო შეუერთდა შეთანხმებას "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ"- (SOFA- Status of Forces Agreement);
  • 1995 წლიდან წარმოებს თანამშრომლობა განათლების სფეროში. ნატოს სკოლაში ობერამერგაუში (გერმანია) და ნატოს თავდაცვის კოლეჯში (რომი, იტალია) ყოველწლიურად კვალიფიკაციას იმაღლებენ ქართველი მსმენელები;
  • 1996 წელს საქართველომ შეიმუშავა და წარადგინა ნატო-ში პირველი ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (Individual Partnership Program - IPP );
  • 1997 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა შეთანხმება "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ"- (SOFA);
  • 1997 წლის 30 მაისს შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) და საქართველო გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი;
  • 1998 წლის 22 აპრილს გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური მისია ნატო-სთან და საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ნატოს გენერალურ მდივანს;
  • 1999 წლის მარტში საქართველო შეუერთდა "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს (PARP - Planning and Review Process);
  • 1999 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში;
  • 2001 წლის მარტში დაინერგა ნატო-ს საერთაშორისო სამსახურთან რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა;
  • 2001 წლის 11-23 ივნისს საქართველოში (ქ. ფოთი) ჩატარდა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები «კოოპერატივ პარტნერ-2001» (Cooperative Partner -2001);
  • 2002 წლის 17-28 ივნისს საქართველოში (ქ. თბილისი) ჩატარდა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები «კოოპერატივ ბესტ ეფორტ-2002» (Cooperative Best Effort -2002);
  • 2002 წლის ივნისში საქართველომ დაიწყო თანამშრომლობა ნატოს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან (NAMSA - NATO Maintenance and Supply Agency) «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში (PfP Trust Fund);
  • 2002 წლის 13 სექტემბრის საქართველოს პარლამენტის #1661 დადგენილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისა და ეფექტურად წარმართვისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალა საქართველოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ნატოში გაწევრიანების პროცესის დაწყება;
  • 2002 წლის 21-22 ნოემბერს ქ. პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველომ გააკეთა განცხადება ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში - «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში» მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  • 2002 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცა «საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა». პროგრამა შედგებოდა ხუთი ძირითადი ნაწილისაგან:1) პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები; 2) თავდაცვისა და სამხედრო საკითხები; 3) რესურსებით უზრუნველყოფის საკითხები; 4) უსაფრთხოების საკითხები; 5) სამართლებრივი საკითხები;
  • 2003 წლის 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტის #235 ბრძანებულების შესაბამისად შეიქმნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებათა და ძალისხმევის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით. საბჭოს თავმჯდომარეობდა საქართველოს პრეზიდენტი;
  • 2003 წლის სექტემბერში (ქ. თბილისი) ჩატარდა ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო-სამედიცინო წვრთნები «მედ კეარ--რესკუერი 03» (Med Care-Rescuer-03);
  • 2004 წელს საქართველომ ავღანეთში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში (ISAF) მიიღო მონაწილეობა;
  • 2004 წლის 29 ოქტომბერს, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც ნატომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP-Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა დაიწყო.
  • 2004 წლის 28-29 ივნისს სტამბოლში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ოფიციალურად შეუერთდნენ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ინიციატივას;
  • 2004 წლის აგვისტოში ნატო-ს ოფიციალურად წარედგინა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა;
  • 2004 წლის 31 დეკემბერს, ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, მასთან სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო ინტეგრაციის ხელშეწყობის, სახელმწიფო სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ეფექტური კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, (საქართველოს მთავრობის დადგენილება #133) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა;
  • 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი სახელმწიფო კომისია, რომელიც წარმოადგენს უწყებათაშორის ჯგუფს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიას დაევალა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინირება და კონტროლი;
  • 2005 წლის 14 თებერვლიდან საქართველოში მოვლენილ იქნა ნატო-ს მეკავშირე ოფიცერი სამხრეთ კავკასიაში;
  • 2005 წლის 2 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას «საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატო-ს ძალებისა და ნატოს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ»;
  • 2005 წელს საქართველოში გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ;
  • 2006 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების შესახებ;
  • 2007 წელს საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP საჰაერო წვრთნებს "Cooperative Archer 2007";
  • 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა;
  • 2008 წლის 19 აგვისტოს, ნატოს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალური სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით;
  • 2008 წლის 21-22 აგვისტოს, შედგა ნატოს სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კომიტეტის (CEP) წარმომადგენელთა 15 კაციანი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქმედებებით გამოწვეული ზარალის ადგილზე შეფასების მიზნით;
  • 2008 წლის 15-16 სექტემბერს, საქართველოში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტის დროს შედგა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძვნებელი ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერა და ჩატარდა კომისიის პირველი სხდომა;
  • 2008 წლის 15 სექტემბერს, საქართველოში ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა;
  • 2008 წლის 24 ნოემბერს, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა პირველი NGC-ის შეხვედრა ელჩების დონეზე;
  • 2008 წლის 3 დეკემბერს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ნატოს საგარეო სამეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ალიანსი მაქსიმალურად გაააქტიურებს საქართველოსთან თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. NGC-ის ფარგლებში შემუშავდება და განიხილება წლიური ეროვნული პროგრამა;
  • 2009 წელი 3-4 აპრილს, (სტრასბურგი და კელი) გამართულ ნატო-ს საიუბილეო სამიტზე მიიღებული გადაწყვეტილებით ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტზე საქართველოსადმი აღებული ვალდებულებებისადმი;
  • 2009 წლის მაისში საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP წვრთნებს "Cooperative Longbow&Lancer 2009", სადაც 14 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა;
  • 2009 წლის ნოემბერში ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში გაიგზავნა ერთი სახმელეთო ასეული;
  • 2010 წლის 6 აპრილს შეიქმნა ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭო;
  • 2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა გახსნეს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი;
  • 2010 წლის 16 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია. რეზოლუციის თანახმად რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე შეფასდა, როგორც 2008 წლის აგვისტოს ევროკავშირის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა და დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია
  • 2010 წლის 19-20 ნოემბერს ლისაბონში გამართულ სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში განმეორდა და განმტკიცდა ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი;
  • 2010 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (NATO/PfP) სამთო მომზადებისა და განათლების ცენტრის სტატუსი;
  • 2011 ჩამოყალიბდა სამხედრო კომიტეტის ყოველწლიური სამუშაო გეგმა;
  • 2011 აპრილში ქ. ბერლინში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სადაც პირველად იქნა მიღებული ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები;
  • 2011 წლის აგვისტოში საქართველოს ევროპაში ნატოს გაერთიანებული შტაბების მთავარსარდალი ეწვია;
  • 2011 წლის ნოემბერში საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართა;
  • 2011 წლის დეკემბერში ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრების მიერ შემუშავებულ იქნა კომუნიკე, რომელშიც საქართველო იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად არის მოხსენიებული როგორც ნატოს პარტნიორი ასპირანტი ქვეყანა;
  • 2012 20-21 მაისს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო ყველა შეხვედრაში, გარდა უშუალოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების შეხვედრისა: საქართველომ მონაწილეობა მიიღო ალიანსის შეხვედრაზე ძირითად პარტნიორებთან (ISAF, 28+13); ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოებთან და ასპირანტ (28+4) ქვეყნებთან გამართულ შეხვედრებში;
  • 2012 წლის 22-28 სექტემბერს ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის ეგიდით (EADRCC – Euro-Atlantic Disaster Response Coordination Centre) საქართველოში ჩატარდა საერთაშორისო სწავლება "საქართველო 2012";
  • 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვია;
  • 2012 წლის ოქტომბერში საქართველომ დამატებითი ბატალიონი განათავსა ISAF-ის ოპერაციაში, რითაც იგი გახდა ნატოს არა წევრი უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანა;
  • 2013 წლის 26-27 ივნისს საქართველოში განხორციელდა ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC - North Atlantic Council) მესამე ვიზიტი;
  • 2013 წლის 5-9 სექტემბერს ნატო-ს საპასუხო რეაგირების მეორე ჯგუფის სამი გემი (გერმანიის დროშის ქვეშ FGS MOSEL-ისა და FGS ROTTWEIL-ის, ასევე, თურქეთის დროშის ქვეშ მოცურავე საზღვაო გემები) ბათუმის პორტს ეწვია;
  • 2013 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეუერთდა ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივას (CFI - Connected Forces Initiative) ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მიზნით;
  • 2014 წლის 4-5 სექტემბერს გაიმართა ნატოს უელსის სამიტი. სამიტის ფარგლებში საქართველომ მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებების პაკეტი და გაწევრიანდა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფში სხვა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან ერთად (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია).  ასევე, საქართველო ჩაერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდის ინიციატივაში;
  • 2014 წლის 11-12 თებერვალს საქართველოს პირველად ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტი - ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო. ვიზიტის ფარგლებში კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები;
  • 2015 წლიდან საქართველო აგრძელებს ნატოს ავღანეთის ოპერაციაში ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support Mission) მისიაში მონაწილეობას და ასევე, მიმდინარე წლიდან ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში;
  • 2015 წლის 26-27 აგვისტოს საქართველოს პირველად ორდღიანი ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში 27 აგვისტოს, იენს სტოლტენბერგმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიალში. ცენტრი ეროვნული სასწავლო ცენტრის ,,კრწანისის“ ტერიტორიაზე დაფუძნდა;
  • 2015 წლის 1-2 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში მოკავშირეებმა, მონტენეგროს ალიანსში მიწვევით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ნატო-ს ,,ღია კარის" პოლიტიკის მიმართ. ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში ალიანსის წევრების მიერ პირველად მოხდა იმის დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად.
  • 2016 წლის 28 ივნისს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) თბილისში,  ოფიციალურად გაიხსნა.
  • 2016 წლის 8-9 ივლისს, ქ. ვარშავაში,  ნატოს სამიტი გაიმართა.  ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში სამიტის პარალელურად პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. სხდომის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს მოიცავს. საქართველომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღო ნატოს ვარშავის სამიტზე, რაც ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარების შედეგია.
  • ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის 7-8 სექტემბერს,  ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო მეოთხედ ეწვია. აღსანიშნავია, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ ეს იყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი საერთაშორისო ვიზიტი, რაც ცხადყოფს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მკაფიო მხარდაჭერას და წარმოადგენს ნატოსა და საქართველოს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობის დადასტურებას.
  • 2016 წლის 10-20 ნოემბერს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) ფარგლებში დაარსებულმა წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) პირველად უმასპინძლა ნატო-საქართველოს ერთობლივ მრავალეროვნული ბრიგადის დონის სიმულაციურ სწავლებას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ რიგით მეორე საერთაშორისო სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდა.
  • 2017 წლის 1-3 მარტს, საქართველოს მეორედ ეწვია ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო - ნატოს სამხედრო კომიტეტი. სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მის მისწრაფებას გახდეს ალიანსის წევრი.
  • 2017 წლის 26-29 მაისს, საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა პირველად ეწვია, რომელმაც საგაზაფხულო სესია თბილისში გამართა. სესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. ეს იყო მეხუთე შემთხვევა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში, როცა სესია ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა.