×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
საქართველო და ნატო

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოადგენს. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოს როლს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებთან და ალიანსის რეკომენდაციებთან, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას. თავის მხრივ, საქართველო, როგორც ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

გაწევრიანების ინსტრუმენტები

ინტენსიური დიალოგი ID

 

საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოვების მიზნით 2006 წლის 21 სექტემბრიდან ალიანსმა დაიწყო თანამშრომლობა საქართველოსთან "გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგის" ფარგლებში.

ინტენსიური დიალოგი წარმოადგენდა ნატო-საქართველოს შორის ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმს და მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც დაეხმარებოდა საქართველოს, უკეთესად გაცნობოდა ნატოში გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმებს.

ID-ის ფორმატში ნატო-საქართველოს შორის მრავალი კონსულატაცია გაიმართა პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, თავდაცვის, სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის, ეკონომიკურ, მეცნიერებისა და განათლების საკითხებზე და სხვა.

 

ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა IPAP

 


IPAP-ის განხილვა 2004წ.IPAP-ის განხილვა 2004წ. 2004 წლის 29 ოქტომბერს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც ნატომ IPAP-ის ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა. 2002 წლის ნატოს პრაღის სამიტზე, ალიანსმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი მექანიზმის შემოღების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამავე სამიტზე საქართველომ გააკეთა განცხადება ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში - «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში» მონაწილეობის მიღების თაობაზე. IPAP-ი არ წარმოადგენდა ალიანსში გაწევრიანების მექანიზმს, თუმცა საქართველომ თავიდანვე განსაზღვრა, რომ გამოიყენებდა მას ალიანსში გაწევრიანებისა და ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებისათვის. IPAP წარმოადგენდა დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში საქართველომ ალიანსის წინაშე კონკრეტული ვალდებულებები აიღო. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით IPAP-ი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა. დოკუმეტი ითვალისწინებდა რეფორმების გატარებას მთელ რიგ სფეროში და საქართველოს მთავრობის ერთიან და კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვდა მათი ეფექტური განხორციელებისათვის. IPAP-ით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტურად განხორციელების მიზნით, შეიქნმა IPAP-ის იმპლემენტაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია, რომლის თავმჯდომარედ განისაზღვრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

IPAP-ოთხი თავისაგან შედგება:

- პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები;

-
თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხები;

-
საზოგადოების ინფორმირების, მეცნიერების, გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხები;

-
ადმინისტრაციული, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და რესურსების საკითხები.

მიუხედავად იმისა, რომ IPAP-ის პროცესში მონაწილე ქვეყნებში მსგავსი დოკუმენტები საზოგადოებისათვის დახურულია, საქართველოს მთავრობამ 2005 წლის ივნისში IPAP-ის ადაპტირებული ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტის საზოგადოებისთვის გახსნა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფისათვის მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. საზოგადოებას აღნიშნული პროცესის განხორციელების ეფექტური კონტროლის საშუალება მიეცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ნატომ. ნატოს საერთაშორისო სამსახური IPAP-ის განხორციელების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებდა. 2004-2008 წლებში სულ 5 შეფასება განხორციელდა (4 ოფიციალური და 1 არაოფიციალური შეფასება). 2007 წლის შეფასებამ ცხადყო, რომ IPAP-ი საჭიროებდა განახლებას, რადგან მის ფარგლებში გათვალისწინებული რეფორმების უმეტესი ნაწილი უკვე გატარებული იყო, ან რეალობას აღარ ასახავდა. 2007 წლის შემოდგომაზე საქართველომ ნატოსთან შეთანხმებით IPAP-ის განახლებული ვერსია შეიმუშავა. 2008 წლის დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით IPAP-ი წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ - ANP ჩაანაცვლა.

 

ნატო-საქართველოს კომისია NGC

 

ნატო-საქართველოს კომისია 2013წ.ნატო-საქართველოს კომისია 2013წ. 2008 წლის 19 აგვისტოს, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე ალიანსმა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) დაარსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ურთიერთგაგების მემორანდუმს 2008 წლის 15 სექტემბერს, საქართველოში ჩრდილო- ატლანტიკური საბჭოს (NAC) პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. სწორედ 15 სექტემბერს გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. 2008 წლის 2-3 დეკემბერს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფორმატში MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გარეშე გაგრძელდეს. საქართველო ANP-ის ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს და შესაბამისად, დოკუმენტში ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა და საკითხებს, რაც მას ხელს შეუწყობს ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას. NGC–ს ფარგლებში ყველა სამუშაო დონეზე რეგულარულად იმართება თემატური კონსულტაციები. NGC–ის ფარგლებში ყოველწლიურად 20-ზე მეტი შეხვედრა იმართება პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, დემოკრატიის, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ა.შ. საკითხებზე. 2011 წელს, ქ. ბერლინში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს ისტორიაში პირველად იქნა მიღებული ერთობლივი დეკლარაცია.

 

ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნების ჩარჩო-დოკუმენტი

 

  • მოწოდებული არიან, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შემდგომი გაძლიერებისთვის და ითანამშრომლონ სტაბილური, მშვიდობიანი და განუყოფელი ევროპისთვის;
  • კვლავ ადასტურებენ ნატო-ს მოკავშირეების მხარდაჭერას საქართველოს სრული დამოუკიდებლობისადმი, სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით;
  • გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და რუსეთის ქმედებების გამო, საქართველოს რეგიონების- სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების ჩათვლით;
  • აცნობიერებენ სამხედრო ქმედებებით მიყენებული ზარალის შეფასებაში საქართველოსთვის ხელშეწყობისა და ნორმალური სამოქალაქო ცხოვრების, ეკონომიკური საქმიანობისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ობიექტების აღდგენაში დახმარების ზომების საჭიროებას; და კვლავ ადასტურებენ, რომ საქართველოს აღორძინება, უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია ალიანსისთვის;
  • კვლავ ადასტურებენ პარტნიორობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტში და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს დამფუძნებელ დოკუმენტში ასახული საერთო ფასეულობებისა და პრინციპების მხარდაჭერას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულების ჩათვლით;
  • კვლავ ადასტურებენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, კერძოდ, კი გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგისა და ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და ფასეულობას;
  • ითვალისწინებენ ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს 23-ე მუხლს, რომელშიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები მიესალმნენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ნატოში გაწევრიანების მიზნით; შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი; შეთანხმდნენ, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის არის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანების გზაზე; გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი გადავიდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე; შეთანხმდნენ, დაიწყოს ინტენსიური ჩართულობის პერიოდი მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რათა პასუხი გაეცეს ჯერ კიდევ არსებულ კითხვებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით; დაავალეს რა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, გაკეთდეს პროგრესის პირველადი შეფასება 2008 წლის დეკემბრის შეხვედრაზე და შეთანხმდნენ, მიენიჭოთ საგარეო საქმეთა მინისტრებს უფლებამოსილება, გადაწყვიტონ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლის საკითხი;
  • ითვალისწინებენ აგრეთვე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 19 აგვისტოს განცხადებას, რომლითაც მათ კვლავ დაადასტურეს 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას, განაგრძონ საქართველოსთან ინტენსიური ჩართულობის პერიოდი, რათა დეკემბრამდე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით უპასუხონ კითხვებს საქართველოს მიერ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნასთან დაკავშირებით;
  • ითვალისწინებენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებას ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ;
  • აღიარებენ ერთობლივი პოლიტიკური, საკონსულტაციო და საკოორდინაციო ორგანოს ჩამოყალიბების მეშვეობით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობას;

 

ნატო-საქართველოს კომისიის მიზნები

 

  • გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის ყველა შესაბამის დონეზე;
  • ზედამხედველობა გაუწიოს ნატოს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის წარმართვას;
  • კოორდინაცია გაუწიოს ალიანსის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს 2008 წლის ომის შედგების აღმოფხვრას;
  • ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმები,ნატოში გაწევრიანების მიზნით მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებული მიმართული დემოკრატიული და ინსტიტუციონალური მიზნების მისაღწევად.


ნატო-საქართველოს კომისიის პრაქტიკული ასპექტები

 

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ნატო-საქართველოს კომისია შეიკრიბება საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების, შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსებისა და სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე; ნატო-საქართველოს კომისია გამართავს რეგულარულ შეხვედრებს, რომელთა პერიოდულობა შეთანხმებული იქნება ორმხრივად ელჩებისა და/ან სამხედრო წარმომადგენლების მიერ; აგრეთვე, ნატო-საქართველოს კომისია შეიკრიბება საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას დაემუქრება პირდაპირი საფრთხე, რაც განსაზღვრულია პარტნიორობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტის მე-8 მუხლით; ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს და ნატო-ს შორის შესაძლოა გაიმართოს პოლიტიკური კომიტეტის და ასევე ნატოს სხვა კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების დონეზე, რათა მოიცვას ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სპეციფიკური საკითხები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები პოლიტიკური კომიტეტის დონეზე მოამზადებს ელჩების დონეზე გასამართ შეხვედრებს; ნატო-საქართველოს კომისიის მიზნების განხორციელებისთვის ნატო შეისწავლის შესაძლებლობას, არსებული პროცედურების შესაბამისად, გააფართოვოს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში;

ნატო-საქართველოს კომისიის მიზნების განხორციელებისთვის, ნატო შეისწავლის შესაძლებლობას, ნებაყოფლობითი შენატანის არსებულ პრინციპზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბოს სპეციალური ნდობის ფონდი საქართველოში ცალკეული პროექტების განსახორციელებლად.

 

წლიური ეროვნული პროგრამა ANP

 

წლიური ეროვნული პროგრამის განხილვაწლიური ეროვნული პროგრამის განხილვა 2008 წლის სექტემბერში ნატომ და საქართველომ დააფუძნეს ნატო-საქართველოს კომისია, რომელსაც მიენიჭა მთავარი საზედამხედველო ფუნქცია ნატოს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის წარმართვაში. 2008 წლის დეკემბერში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო შეიმუშავებს წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP), რომელშიც ასახული იქნება საქართველოს განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამხედრო რეფორმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება და სხვა. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ANP-ის შემუშავება ხელს შეუწყობს საქართველოს, წარმატებით გაატაროს რეფორმები, რომელსაც ისინი ყოველწლიურად შეაფასებენ.

საქართველო ANP-ის ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს და შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა თუ საკითხებს, რაც მას ხელს შეუწყობს ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას.

მიუხედავად იმისა, რომ ANP არის ეროვნული დოკუმენტი და მისი შემუშავებისას ნატოსგან რაიმე ფორმალურ თანხმობას არ საჭიროებს, საქართველო ყოველი წლის დასაწყისში წარუდგენს ალიანსს დოკუმენტს. შემოდგომაზე საქართველო აგზავნის ნატოში ANP-ის განხორციელების თვითშეფასების დოკუმენტს, რის შემდეგაც, საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა მისიის ვიზიტი იმართება. დელეგაცია შეხვედრებს მართავს დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული ყველა უწყების წარმომადგენელთან და წლის ბოლოს ალიანსი წარმოადგენს წლიური ეროვნული პროგრამის შეფასებას.

ამჟამად საქართველო ახორციელებს ANP-ს VII ციკლს. ხაზგასასმელია, რომ წლების განმავლობაში, ნატო დადებით შეფასებას აძლევს წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების შესრულებას.

 

ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი SNGP

 

2014 წლის 25 ივნისს, ქ ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მოკავშირეები შეთანხმდნენ საქართველოსთვის „არსებითი პაკეტის" შემუშავების თაობაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით.

შედეგად, 2014 წლის 4-5 სექტემბერს გამართულ ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ ალიანსისგან ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი მიიღო.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებასთან ერთად, აღნიშნული პაკეტი დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მომზადების პროცესში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია აღნიშნული არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია ნატოს წევრი ქვეყნების აქტიური ჩართულობითა და დახმარებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ნატოს ძირითადი ჯგუფი (NATO Core Team), რომელიც კოორდინაციასა და ზედამხედველობას გაუწევს აღნიშნული პაკეტის ფარგლებში არსებული ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას. არსებითი პაკეტი წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ მექანიზმს, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (Joint Training and Evaluation Center (JTEC)) დაარსება. 2015 წლის 27 აგვისტოს, აღნიშნული ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა ეროვნული სასწავლო ცენტრის ,,კრწანისის" ტერიტორიაზე. ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოში მისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და ამავდროულად მხარს დაუჭერს ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივას. ამასთან, პაკეტის ფარგლებში, სხვა ინიციატივებთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია ლოგისტიკური ცენტრის შექმნა და თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის დაარსება.