×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
რა არის ნატო?

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა, არის ჩრდილოეთ ამერიკის 2 და ევროპის 27 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა - როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.



ნატოს პროგრამები

პარტნიორობა მშვიდობისათვის

 

ნატოს პროგრამებიპროგრამა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PFP) მიზნად ისახავს ნდობის დამყარებას ნატოს,  ევროპაში ნატოს არაწევრ ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. იგი პირველად იქნა შემოთავაზებული, როგორც ამერიკის ინიციატივა 1993 წლის 20-21 ოქტომბერს, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ტრავემუნდში (გერმანია). 1994 წლის 10-11 იანვარს ნატომ წარადგინა პრაქტიკული თანამშრომლობის ორმხრივი პროგრამა - ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს  შორის, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ ქვეყნებს, დაამყარონ ინდივიდუალური ურთიერთობა ნატოსთან საკუთარი პრიორიტეტების არჩევის გზით თანამშრომლობისათვის.

დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რასაც თავად ალიანსი ემყარება, “პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” მიზანია საფრთხეების თავიდან აცილება, სტაბილურობის განმტკიცება და  მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება,  როგორც ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ისე თავად პარტნიორ სახელმწიფოებს შორის.“პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” ფორმალურ საფუძველს წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც თითოეული პარტნიორისთვის სპეციალურ ვალდებულებებს განსაზღვრავს. პარტნიორი სახელმწიფო ღებულობს დემოკრატიული საზოგადოების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, საერთაშორისო განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის შეთახმებებით აღებული ვალდებულებების დაცვის, სამხედრო ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავების, არსებული საზღვრების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკურ ვალდებულებებს. დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს სპეციალურ ვალდებულებებს ეროვნული თავდაცვის დაგეგმარების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლისა და ნატოსთან ერთად ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ.

 

,,პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” ფარგლებში ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად ატარებენ წვრთნებს და მონაწილეობას იღებენ ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, თანამშრომლობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ნაღმებითა და დასაწყობებული აღჭურვილობით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების, ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნის საკითხებში და სამეცნიერო კვლევებში. პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს და აგრძელებენ მნიშნველოვან კონტრიბუციას ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში. აღნიშნულ ღონისძიებებში პარტნიორი ქვეყნის ძალების თავსებადობისთვის რეგულარულად იმართება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები ალიანსსა და პარტნიორებს შორის.

 

თავდაცვის განვითარების პროგრამა  (DEEP)

 

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან სხვადახვა პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და თავდაცვის ინსტიტუტების განვითარება, რომლებზეც ხორციელდება სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი. 2009 წელს დაიწყო  თავდაცვის განვითარების პროგრამა (DEEP), რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოს თავდაცვის სფეროს განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამა ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებების  განვითარებას, საწვრთნელი პროგრამების შემუშავების და გამოცდილების გაზიარებას ფაკულტეტების შემდგომი დახვეწის მიზნით. პროგრამის ფარგლებში  ხორციელდება სხვადასხვა  სწავლება, კურსი, გაცნობითი  შეხვედრა, მობილური საწვრთნელი ჯგუფების ვიზიტები  და სემინარები. ამჟამად პროგრამა ფოკუსირებულია ეროვნული თავდაცვის აკადემიის განვითარებაზე. 

 

პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP)

 

2009 წელს ნატოს ეგიდით დაიწყო  პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას. თავდაპირველად ყურადღება გამახვილებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კურსები განკუთვნილია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისთვის  და ხორციელდება როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს უსაფრთხოების სექტორში  უწყებათაშორისი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას. პროგრამით გათვალისწინებული ტრეინინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ინგლისური ენა, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, უსაფრთხოების სექტორის მენეჯმენტი, საჯარო სამსახურის რეფორმა, ადამიანური რესურსების მართვა, მართვის უნარები,  იურიდიული საკითხები, ანალიტიკური უნარები,  შესყიდვები, თავდაცვის ეროვნული აკადემიის ფაკულტეტების განვითარება და პროფესიული განვითარების ცენტრის (PDC) ფუნქციონირების გაუმჯობესება.

 

გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივა  (Building Integrity (BI) Initiative)

 

საქართველო მონაწილეობს ნატოს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივაში (Building Integrity (BI) Initiative) და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და საწვრთნელ პროგრამაში. 2013 წელს საქართველომ გადაწყვიტა შეევსო ზემოხსენებული ინიციატივის თვითშეფასების კითხვარი და  ჩართულიყო BI პროგრამაში. პროგრამის მიზანია თავდაცვის სექტორში გამჭირვალეობის და  ანგარიშვალდებულების ამაღლება და კორუფციის რისკის შემცირება. ქართული მხარის მიერ შევსებულ თვითშეფასების კითხვარზე და ნატოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული ინტერვიუების ანალიზზე დაყრდნობით, ნატოს ჯგუფმა შეიმუშავა შეფასების დოკუმენტი (Peer Review Report). ნატოს ექსპერტთა რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზად არის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკა (best practices) გაუზიაროს პარტნიორ ქვეყნებს ნატოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატების მეშვეობით. ამისათვის თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა თავდაცვის აღმშენებლობის ჯგუფი.

 

ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის თვითშეფასების ექსპერტთა საბჭოს ანგარიშზე დაყრდნობით თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, შეიმუშავა და დაამტკიცა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა  2014-2015.“ დოკუმენტი დეტალურად აღწერს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს და განსახორციელებელ ღონისძიებებს. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოსთან (NSPA – NATO Support Agency) (ყოფილი ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტო, NAMSA) 2002 წლიდან. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარლებში უკვე წარმატებით განხორციელდა პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი - ”საქართველო I”, ”საქართველო II” და “საქართველო III”. 2013 წელს ოფიციალურად გამოცხადდა ახალი პროექტის “საქართველო IV” დაწყება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ სკრის ყოფილი სამხედრო საცავის დასუფთავებასა და EOD ასეულის საერთაშორისო განაღმვის სტანდარტების მე-3 და მე-4 დონეებზე გაწვრთნას. 2014 წლის მარტში ხელი მოეწერა საიმპლემენტაციო შეთანხმებას საქართველოსა და ნატოს უზრუნველყოფის ორგანიზაციას  შორის ასაფეთქებელი მასალებისგან (EOD) დაბინძურებული სკრის ყოფილი სამხედრო საცავის და მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავების, ასევე, EOD შესაძლებლობების განვითარების  პროექტის შესახებ. 2014 წლის ოქტომბერში გაიმართა პროექტის „საქართველო IV” ოფიციალურად გახსნის ცერემონია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი პროექტის განხორციელება. 2012 წელს საქართველო მიუერთდა ნატოს გონივრული თავდაცვის (Smart Defence) ინიციატივას.  ამ ეტაპზე ქართული მხარე  მონაწილეობს ნატოს გონივრული თავდაცვის ინიციატივის ხუთ საერთაშორისო პროექტში და სხვა პროექტებში  ჩართვასთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს ალიანსის წევრ ქვეყნებთან.

 

"მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" (SPS)

 

ნატოს პროგრამა ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" (SPS) წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმს ნატოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლის მიზანია ნატოს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობა.

საქართველო 1994 წლიდან აქტიურადაა ჩართული ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" პროგრამაში.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში განიხილება, როგორიცაა მეცნიერება, გარემოს დაცვა, კიბერუსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული თავდაცვა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები.

მეცნიერები და მკვლევარები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან სარგებლობენ ალიანსის ”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” (SPS) პროგრამით გათვალისწინებული შესაძლებლობებით, რომლებიც ხელს უწყობს ალიანსის და პარტნიორი ქვეყნებიდან მეცნიერებს შორის თანამშრომლობას, კავშირების დამყარებას და ძალისხმევის მობილიზიას. გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს კვლევით საქმიანობას, სემინარებს, კონფერენციებს და ერთობლივ კვლევებს სამეცნიერო და გარემოს დაცვის საკითხებზე. გარდა სამეცნიერო სფეროში კვლევებზე კონცეტრირებული პროექტებისა, პროგრამის ძალისხმევა, ასევე, მიმართულია სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების გაძლიერებისაკენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

”ვირტუალური აბრეშუმის გზის” პროექტი მიზნად ისახავს კავკასიის და ცენტრალური აზიის სამეცნიერო ერთეულებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას სატელიტური ქსელების მეშვეობით. გრანტები ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნაზე დახმარებას უწევს სამეცნიერო დაწესებულებებს პარტნიორ ქვეყნებში იმ აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით, რომელიც გააუმჯობესებს მათი სატელეკომუნიკაციო საშუალებების დაცულობის დონეს.

ამჟამად, საქართველო NATO-ს  ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" რამდენიმე მიმდინარე პროგრამაშია  ჩართული:

  1. ENGAGING THE PUBLIC TO FIGHT THE CONSEQUENCES OF TERRORISM AND DISASTERS
  2. PROTECTION OF UNDERGROUND STRUCTURES FROM FUEL CLOUD EXPLOSION
  3. NANOTECHNOLOGY TO AID CHEMICAL AND BIOLOGICAL DEFENCE