×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
საქართველო და ნატო

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოადგენს. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოს როლს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებთან და ალიანსის რეკომენდაციებთან, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას. თავის მხრივ, საქართველო, როგორც ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

ნატოს სამიტები

ქვევით განხილულია ბუქარესტის, სტრასბურგისა და კელის, ლისაბონის, ჩიკაგოს, უელსისა და ვარშავის სამიტებზე თუ რომელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო ალიანსმა საქართველოსთან მიმართებაში.

 

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ყოველ ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაში მასპინძლობს სამიტს, სადაც წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურები განიხილავენ ორგანიზაციის წინაშე მდგარ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებსა და იმ მომენტისთვის არსებულ გამოწვევებს. ნატოს დაარსებიდან დღემდე სულ 27 სამიტი გაიმართა. ბოლო სამიტი 2016 წლის ივნისში, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში შედგა.

 

საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვისა და მნიშვნელობის სამიტი 2008 წლის აპრილში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდა.  სწორედ აქედან მოყოლებული სამიტების ქრონოლოგია შემდეგნაირად გამოიყურება: 2008 წლის 2-4 აპრილი- ბუქარესტი, 2009 წლის 2-3 აპრილი- ერთდროულად მიმდინარე სამიტი სტრასბურგსა და კელში, 2010 წლის 19-20 ნოემბერი- ლისაბონი, 2012 წლის 20-21 მაისი- ჩიკაგო, 2014 წლის 4-5 სექტემბერი -უელსი და ბოლოს 2016 წლის 8-9 ივლისი ვარშავა.

 

ბუქარესტის სამიტი (2008 წლის 2-4 აპრილი)

ბუქარესტის სამიტიბუქარესტის სამიტი 

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები საქართველოსთვის შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მნიშვნელოვანი გზავნილი ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნისთვის. ამ სამიტზე ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო „აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“. მათ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს განაცხადს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად  (MAP) და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ინტენსიური დიალოგის დაწყებას ყველა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელთაც MAP-თან აქვს კავშირი.

სამიტზე ნათლად გაჟღერდა ისიც, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ამ კუთხით ისინი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას.

იმავე წელს, აგვისტოს ომის შემდეგ მოკავშირეებმა გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოს მთელი რიგი სფეროების რეაბილიტაციაში დასახმარებლად და მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC - NATO-Georgia Commission) შექმნის თაობაზე, რომელიც ოფიციალურად 2008 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში დაფუძნდა.

 

სტრასბურგისა და კელის სამიტები (2009 წლის 2-3 აპრილი)

 

2009 წლის 3-4 აპრილს, სტრასბურგსა და კელში, საფრანგეთსა და გერმანიაში, გამართულ ნატოს საიუბილეო სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებებისადმი. ეს გადაწყვეტილება თავისთავად მიანიშნებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობას და ალიანსის მიერ უკვე გაჟღერებული პოზიციის კიდევ უფრო გამყარებას.

 

ლისაბონის სამიტი  (2010 წლის 19-20 ნოემბერი)

 

2010 წლის ლისაბონის სამიტი კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვისა და ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს შეეხო. თუმცა, ჩვენთვის საყურადღებოა თავად ლისაბონის სამიტის გზავნილები საქართველოს მიმართულებით. აქ კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩებოდა. კიდევ ერთხელ მკაცრად დაფიქსირდა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით ნატო-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, გაგრძელდა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, გაიხსნა ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, რომელიც  საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციასა და ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში ეხმარება, მისი ევროატლანტიკური მისწრაფების წინსვლაში, განსაკუთრებით დემოკრატიის, საარჩევნო და სასამართლო, ასევე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებში.  მნიშვნელოვანი გზავნილი გაეგზავნა რუსეთსაც, რომელსაც ალიანსმა მოუწოდა უარყოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და რომელიც ვალდებულია შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ევროკავშირის შემადგენლობით საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებები.

 

ჩიკაგოს სამიტი (2012 წლის 20-21 მაისი)

 

ჩიკაგოს სამიტზე სამ ძირითად საკითხზე მოხდა ფოკუსირება- ალიანსის ვალდებულებაზე ავღანეთის მიმართ, რაც ავღანეთის მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდას გულისხმობდა, 21-ე საუკუნის გამოწვევებსა და პარტნიორი ქვეყნების გაძლიერებაზე მთელს მსოფლიოში.

მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტზე საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ქართული მხარე სამიტის ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა, გარდა უშუალოდ ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრისა. მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება საქართველოს დაჯგუფება ბალკანეთის ქვეყნებთან (იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო), რომლებიც ნატოს პოტენციური წევრობის კანდიდატებს წარმოადგენდნენ.

ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, ასევე, მის მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

უელსის სამიტი  (2014 წლის 4-5 სექტემბერი)

უელსის სამიტიუელსის სამიტიუელსის სამიტზე ალიანსის დღის წესრიგში ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იდგა, როგორიც უკრაინის კრიზისია. ნატომ ფოკუსი აიღო კოლექტიური თავდაცვის  მზაობის უზრუნველყოფაზე, ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერებაზე, თავდაცვის ხარჯების გაზრდასა და ავღანეთის პრობლემატიკის დარეგულირებაზე. მოკავშირეების გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე სამიტი არ განიხილავდა გაფართოების შესაძლებლობებს.

მიუხედავად ამისა, სამიტზე საქართველო აღმოჩნდა ნატოს ერთადერთი პარტნიორი  ქვეყანა, რომელსაც  თანამშრომლობის გაძლიერებული პაკეტი ე.წ. „არსებითი შესაძლებლობების პაკეტი“ შესთავაზეს. პაკეტის მიზანს კი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადება წარმოადგენდა. პაკეტის ფარგლებში 2015 წელს საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და 2016 წელს კი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გაიხსნა.

სამიტზე ნატოს თავდაცვის მინისტრებმა საფუძველი ჩაუყარეს პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივასაც (Partnership Interoperability Initiative). მის ფარგლებში ჩამოყალიბდა გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფი იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდათ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში. გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე ოთხ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და იორდანია) ერთად ჯგუფში მეხუთე წევრად საქართველო მიიწვიეს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდა თავსებადობის პლატფორმისა (Interoperability Platform) და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფში (Enhanced Opportunity Partners Group), რითითაც საქართველოს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა  მიიღოს ნატოს სტრატეგიული მნიშვნელობის დისკუსიებში, გაცვალოს ინფორმაცია ნატოსთან და მოკავშირეებთან უსაფრთხოების საკითხებზე, მონაწილეობა მიიღოს ოპერაციების საწყისი ფაზის დაგეგმვაში და ჰყავდეს მეტი წარმომადგენელი ნატოს სტრუქტურებში. ეს წარმატება ნათლად აისახება ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის  საქართველოს განსაკუთრებულ როლზე.

სამიტის დეკლარაციაში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდგომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ამბიციური რეფორმების განხორციელებით, ნატო-საქართველოს კომისიის და წლიური ეროვნული პროგრამის ეფექტური გამოყენებით კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს. აღინიშნა, რომ  ქვეყანას აქვს საჭირო მექანიზმები, რომლებიც საბოლოო მიზანს - ალიანსის წევრობას ემსახურება.

მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატოს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს „შეიარაღებული ძალები საქართველოდან“ და აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

- გადმოწერა / გახსნა

 

ვარშავის სამიტი (2016 წლის 8-9 ივლისი)

 

2016 წლის 8-9 ივლისს, ქ. ვარშავაში ნატოს მორიგ სამიტზე განსახილველ საკითხებს  ნატოს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების გაძლიერება და ალიანსის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის განმტკიცება წარმოადგენდა.

 საქართველომ მონაწილეობა მიიღო პარტნიორებისთვის გამართულ ყველა შეხვედრაში. ამასთან, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში სამიტის პარალელურად პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. სხდომის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს მოიცავს.

 სამიტზე ალიანსმა კვლავ დაადასტურა ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსადმი, რომელიც  ალიანსის მიერ ერთ-ერთ ყველაზე თავსებად, სანდო და ქმედით პარტნიორად არის აღიარებული. დადასტურდა, ასევე, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი. ალიანსმა მაღალი შეფასება მისცა დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რათა მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის. ნატომ  ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.

ვარშავას სამიტივარშავას სამიტი განცხადება  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილებსაც მოიცავს და პირდაპირ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოდან და გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.

სამიტზე მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში ნატოს დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ, გაძლიერდა „არსებითი პაკეტი“ და მიღებული იქნა ახალი ინიციატივები. მაგალითად, ალიანსის გადაწყვეტილებით, ნატო საქართველოს  დაეხმარება ჰაერსაწინააღო თავდაცვისა და საჰაერო კონტროლის განვითარებაში, სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში  (ნდობის ფონდის საშუალებით) და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.

ვარშავის სამიტზე გადაწყდა, რომ  ნატო აქტიურად დაიწყებს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველო იქნება სრულად ჩართული ამ პროცესში, ისევე,

როგორც ყველა დონეზე მიიღებს მონაწილეობას შავი ზღვისა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან  დაკავშირებულ სტრატეგიულ დიალოგში.