ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა, არის ჩრდილოეთ ამერიკის 2 და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა - როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ისტორიის განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა, რათა ახალი გამოწვევების წინაშე სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება გახლავთ სამშვიდობო ოპერაციებისა და კრიზისების რეგულირების პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება, განურჩევლად კონფლიქტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. ალიანსი აღიარებს, რომ საფრთხე აღარ არის შეზღუდული რომელიმე კონკრეტული ადგილმდებარეობით და მზად არის, გამოეხმაუროს მას, რა დროს და საიდანაც უნდა მომდინარეობდეს ის. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ნატომ პირველად განახორციელა სამშვიდობო ოპერაციები. კერძოდ, ბალკანეთში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 1995 წელს, კოსოვოში 1999 წელს, მაკედონიაში კი 2001წელს, სადაც იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერალური რესპუბლიკის დაშლის სისხლიანმა კონფლიქტმა სერიოზული საშიშროება წარმოშვა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთო - ევროპული უსაფრთხოებისათვის. 2003 წელს ავღანეთში ნატოს მისიით ალიანსმა დაამტკიცა, რომ მას აქვს უნარი, გაუმკლავდეს პრობლემებს არა მხოლოდ მისი ტრადიციული პასუხისმგებლობის – ევროატლანტიკურ სივრცეში, არამედ მის მიღმაც.
ნატო ბოსნია-ჰერცეგოვინა
ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერალური რესპუბლიკის დაშლის შემდეგ ნატო გადამწყვეტ როლს ასრულებს ბალკანეთში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებათა პროცესში. 1992-1995 წლების განმავლობაში ნატო აქტიურად უჭერდა მხარს ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესაჩერებლად გაეროს ძალისხმევას რეზოლუციებისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების მეშვეობით. გაეროს მხრიდან ყველა მცდელობა, რეგიონში მშვიდობიანი გზით შეეჩერებინა ძალადობა, ამაო აღმოჩნდა. 1995 წლის 30 აგვისტოს ნატოს თვითმფრინავებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ბოსნია-ჰერცეგოვინაში სერბთა სამხედრო ფორმირებების პოზიციებზე. საჰაერო ოპერაცია იმავე წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდა. დიპლომატიურმა ძალისხმევამ და საჰაერო ოპერაციის წარმატებამ ხელი შეუწყო ბოსნია-ჰერცეგოვინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ნიადაგი მოამზადა ქალაქ დეიტონში (აშშ) დაპირისპირებული მხარეების წარმატებული მოლაპარაკებისათვის, რომელიც დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით (Dayton Peace Accord) დასრულდა. 1995 წლის 16 დეკემბერს ალიანსმა მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების პროცესზე დაკვირვების მიზნით, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ერთი წლით გაეროს მანდატის მქონე საერთაშორისო ძალები (საიმპლემენტაციო ძალები/Implementation Force – IFOR) განათავსა. მათ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა, ახლად შექმნილი ადმინისტრაციული ერთეულების (ბოსნიის ფედერაციისა და სერბთა რესპუბლიკის) შეიარაღებული ძალების დაშორი შორება და სამხედრო საწყობებზე კონტროლი დაევალათ. საიმპლემენტაციო ძალებმა დიდი წვლილი შეიტანა ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამოქალაქო აეროპორტების გახ სნაში, მოსახლეობისათვის წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების განახლებაში. დასახული ამოცანების შესრულების შემდეგ, 1996 წლის დეკემბერში საიმპლემენტაციო ძალებს ნატოს სტაბილიზაციის ძალები (Stabilization Force – SFOR) ჩაენაცვლა. რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების გარდა, სტაბილიზაციის ძალებმა დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების სამოქალაქო ასპექტების ხელშეწყობა იტვირთა. კერძოდ, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ახალი საერთო სახელისუფლებო ორგანოების ჩამოყალიბების, სხვადასხვა სფეროში რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულთა სახლებში დაბრუნების ხელშეწყობა. ასევე, სტაბილიზაციის ძალებს დაევალა, სამხედრო დანაშაულში ბრალდებულთა დაკავება და ყოფილ იუგოსლავიაში საერთაშორისო სისხლის სამართლის ჰააგის ტრიბუნალისთვის (International Criminal Tribunal for the Former Yugoslavia) გადაცემა. ბოსნია-ჰერცეგოვინაში უსაფრთხოებისა და სტაბილური გარემოს აღდგენის შემდეგ ნატოს სამშვიდობო მისიის პირადი შემადგენლობა თანდათანობით შემცირდა, ვიდრე 2004 წლის ბოლოს სტაბილიზაციის ძალებმა მისია არ დაასრულა. 2004 წლის 2 დეკემბერს ძირითადი პასუხისმგებლობა მშვიდობის შესანარჩუნებლად ევროკავშირის (European Union) სამხედრო მისიამ – ალთეამ (Althea) აიღო. ბოსნია-ჰერცეგოვინაში გარდამავალი დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისა და ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციის მიზნით, ნატომ სარაევოში (ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქი) თავისი წარმომადგენლობის (ნატოს შტაბი სარაევოში) სახით ქვეყანაში ყოფნა შეინარჩუნა. სარაევოში ნატოს შტაბის წარმომადგენლები ხელს უწყობენ ბოსნია-ჰერცეგოვინის მთავრობას რეფორმების გატარებაში ქვეყნის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. ამჟამად ბოსნია-ჰერცეგოვინა ახორციელებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას და ნატოს ერთ-ერთი ასპირანტი ქვეყანაა.
კოსოვოს კონფლიქტი და ნატო
1999 წლის ივნისიდან ნატო ახორციელებს სამშვიდობო მისიას კოსოვოში. ჰუმანიტარული კატასტროფის აღსაკვეთად და მშვიდობის დასამყარებლად ნატომ სამხედრო-საჰაერო კამპანია განახორციელა. ეს იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კოსოვოში სერბ სამხედროებსა და კოსოვოელ ალბანელებს შორის ერთწლიანი ძალადობისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის უკანასკნელი საშუალება. აღნიშნული კამპანიის საფუძველი სლობოდან მილოშევიჩის მხრიდან გაეროს რეზოლუციების მუდმივი უგულებელყოფა გახლდათ. ყველა ხელმისაწვდომი დიპლომატიური საშუალების ამოწურვისა და სამშვიდობო მოლაპარაკებათა წარუმატებლობის შემდეგ ალიანსმა იუგოსლავიის ხელისუფლების სამხედრო და გასამხედროებული სტრუქტურების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების დაწყებაგადაწყვიტა. სამხედრო საჰაერო კამპანია 1999 წლის 24 მარტს დაიწყო და 78 დღეს გაგრძელდა. 1999 წლის 23 აპრილს ვაშინგტონში ნატოს წევრ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა კოსოვოს კონფლიქტთან მიმართებაში ალიანსის მიზნები დაამტკიცეს: საომარი მოქმედებების, ძალადობისა და რეპრესიების შეჩერება რეგიონში; კოსოვოს პროვინციის დემილიტარიზაცია; საერთაშორისო სამხედრო/სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბება; კოსოვოში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული პირების დაუყოვნებლივი და უსაფრთხო დაბრუნება სახლებში; ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება ლტოლვილთათვის; პოლიტიკური შეთანხმების შემუშავება; კოსოვოსთან დაკავშირებით გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1999 წ. ნატოსა და ყოფილი იუგოსლავიის არმიის სარდლობას შორის სამხედრო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 1999 წლის 12 ივნისს, გაეროს მანდატის საფუძველზე, ნატომ რეგიონში ე.წ. კოსოვოს ძალები (Kosovo Force – KFOR) გაგზავნა. მათ დაევალათ: საომარი მოქმედებების განახლების დაუშვებლობა; კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის განიარაღება; სარეკონსტრუქციო სამუშაოები; საარჩევნო პროცესებისა და სხვა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ასპექტების განვითარების ხელშეწყობა; კოსოვოში გაეროს მისიისა (United Nations Missiom in Kosovo –UNMIK) და სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდაჭერა. სამშვიდობო მისიის დასაწყისში ერთიანი სარდლობისა და კონტროლის ქვეშ მყოფი კოსოვოს ძალების შემადგენლობაში 50 000 სამხედრო მოსამსახურე გაერთიანდა. მისია მოიცავს როგორც ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოების, ასევე პარტნიორი ქვეყნების მშვიდობისმყოფელებს. 2003 წელს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებამ ალიანსს საშუალება მისცა, სამშვიდობო კონტინგენტი დაახლოებით 15 000 კაცამდე შეემცირებინა. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ ფაქტს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვა. ნატოს პასუხისმგებლობა, კოსოვოში განევითარებინა უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, დარჩა უცვლელი, ამიტომ ნატოს ოპერაცია კოსოვოში ამჟამადაც გრძელდება. ალიანსი გაეროს მისიასთან (UNMIK) მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას, რომელშიც ყველა მოქალაქეს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, მშვიდობიანი თანაცხოვრება შეეძლება.
ნატო მაკედონიის რესპუბლიკაში
მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობის თხოვნის საფუძველზე, თავიდან აეცილებინა სკოპიეს (მაკედონიის დედაქალაქი) მთავრობასა და ეთნიკურ ალბანელ მეამბოხეებს შორის კონფლიქტის ესკალაცია, ნატო მონაწილეობდა რეგიონში მიმდინარე პროცესებში. 2001 წლის ივნისში მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბორის ტროიკოვსკიმ თხოვნით მიმართა ნატო აღმოეჩინა დახმარება ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნულ გამათავისუფლებელი არმიისა და ეთნიკურ ალბანელთა მეამბოხე ჯგუფების განიარაღების პროცესში. ნატოს ძალისხმევის შედეგად დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი შედგა, რომელსაც სამშვიდობო ჩარჩო-გეგმის შემუშავება და რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოჰყვა. ოჰრიდის ჩარჩო ხელშეკრულების (Ohrid Framework Agreement) საფუძველზე, 2001 წლის 27 აგვისტოს ოპერაციის, კოდური სახელწოდებით მთავარი მოსავალი (Operation Essential Harvest), ფარგლებში ნატომ მაკედონიაში სამხედრო მოსამსახურეთა პერსონალი შეიყვანა. ნატოს მისიას ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცების მიერ ნებაყოფლობით ჩაბარებული იარაღის შეგროვება და განადგურება დაევალა. ოცდაათდღიანი ოპერაციის შედეგად ნატოს სამხედრო მოსამსახურეებმა დიდი რაოდენობის იარაღი და სხვადასხვა ფეთქებადი ნივთიერება ამოიღეს, რამაც ხელი შეუწყო სამოქალაქო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. მოგვიანებით, სკოპიეს მთავრობამ თხოვნით მიმართა ნატოს, მაკედონიის რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის თავიდან აცილების, ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეენარჩუნებინათ მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი. 2003 წლის მარტიდან ნატოს მისია მაკედონიაში ევროკავშირს (EU) გადაებარა.
ნატოს როლი ერაყში
ნატო, როგორც ორგანიზაცია, არ მონაწილეობდა ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებულ მრავალეროვნული კოალიციური ჯარების სამხედრო ოპერაციაში. ალიანსის როლი ერაყში შემოიფარგლებოდა ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნით. ამით ნატო ხელს უწყობდა ერაყის მთავრობას ეფექტიანი შეიარაღებული ძალების ფორმირებაში და მხარს უჭერდა მათი თავდაცვითი შესაძლებლობის ამაღლებას. 2004 წლის 22 ივნისს ერაყის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა თხოვნით მიმართა ნატოს გენერალურ მდივანს, დახმარება აღმოეჩინა ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში. 2004 წლის 28 ივნისს ნატოს სტამბოლის სამიტზე შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ერაყის მთავრობას სამხედრო პერსონალის გაწვრთნაში დახმარებოდნენ. იმავე წლის 30 ივლისს ჩამოყალიბდა ნატოს წვრთნების საიმპლემენტაციო მისია (Training Implementation Mission) ერაყში. 2004 წლის 7 აგვისტოდან ნატოს მისია ახორციელებდა ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. თავდაპირველად, წვრთნების საიმპლემენტაციო მისია 50 ოფიცერს აერთიანებდა. 2004 წლის 22 სექტემბერს მისი რეკომენდაციების საფუძველზე, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა მისიის პირადი შემადგენლობის გაზრდა და ერაყში წვრთნების, განათლებისა და დოქტრინების ცენტრის ჩამოყალიბდა. მისიაში მომსახურე პერსონალის რაოდენობა სამას კაცამდე გაიზარდა და მათ ერაყის საშუალო და მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნა დაევალათ. ამასთანავე, შეიცვალა მისიის სახელწოდება – ნატოს საწვრთნელი მისია ერაყში (NATO Training Mission– Iraq). შინაარსობრივად ნატოს საწვრთნელი მისია ერაყში არასაომარი ხასიათის იყო და ერაყელი სამხედროების გაწვრთნას, აღჭურვასა და ტექნიკურ დახმარებას ისახავდა მიზნად. 2004-2006 წლების განმავლობაში ნატოს მისიის ფარგლებში 5000-მდე ოფიცერმა აიმაღლა კვალიფიკაცია. მისიის დაწყებიდან დღემდე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ერაყის მთავრობა სხვადასხვა სამხედრო-ტექნიკური საშუალებით (ტყვია-წამლით, ჯავშან-ჟილეტებით, სამხედრო მანქანებით, ტანკებითა და სხვა აღჭურვილობით) მოამარაგა, რომლის საერთო ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.
ნატოს როლი დარფურში (აფრიკა, სუდანის რესპუბლიკა)
2005 წელს აფრიკის კავშირმა გაზარდა თავისი სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც დარფურში (სუდანი) განლაგებულია. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა რეგიონში ძალადობის შეწყვეტას. 2005 წლის 26 აპრილს, აფრიკის კავშირის (AFRICAN UNION, AU) თავმჯდომარემ ლოგისტიკის საკითხებში გაფართოებული სამშვიდობო მისიისთვის პრაქტიკული დახმარების თხოვნით ნატოს გენერალურ მდივანს მიმართა. ევროკავშირთან, აფრიკის კავშირსა და გაეროსთან კონსულტაციების შემდეგ ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ აფრიკის კავშირის თხოვნა დააკმაყოფილა. 2005 წლის ივნისში ნატომ ოფიციალურად გამოაცხადა მზადყოფნა, დახმარება აღმოეჩინა დარფურში მოქმედი სამშვიდობო მისიისთვის სტრატეგიული გადაადგილების, მისიის პერსონალის სწავლებისა და სამოქალაქო პოლ იციელების გადაადგილების საკითხებში. 2005 წლის ივლისიდან 2006 წლის თებერვლამდე მოხდა აფრიკის კავშირის სამშვიდობო მისიის 24 000 მოსამსახურის საჰაერო ტრანსპორტირება. ამასთანავე, ნატო უზრუნველყოფდა აფრიკის კავშირის ოფიცერთა სწავლებას მრავალეროვნული სამხედრო შტაბებისა და ინფორმაციის ეფექტიანი მართვის საკითხებში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, რომელიც მხარს უჭერს აფრიკის კავშირის სამშვიდობო ოპერაციას.
ოპერაცია აქტიური ძალისხმევა (Active Endeavor)
2001 წლის ოქტომბრიდან ოპერაცია აქტიური ძალისხმევის ფარგლებში ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალები, (რომელიც აერთიანებს სამხედრო გემებს, წყალქვეშა ნავებს, თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს,) ხმელთაშუა ზღვის წყლებში პატრულირებენ. ისინი აკონტროლებენ გემების მიმოსვლას და გიბრალტარის სრუტეში სავაჭრო გემებს თანხლებას უწევენ. აქტიური ძალისხმევის მიზანია ხმელთაშუა ზღვის წყლებში ტერორისტული საქმიანობის აღკვეთა, გამოვლენა და დროული განეიტრალება. ეს ოპერაცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განვითარებაში. ხმელთაშუა ზღვაში, გემების ინტენსიური სავაჭრო მიმოსვლის რეგიონში სტაბილური და მშვიდი გარემოს ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია ალიანსის უსაფრთხოებისათვის. დასავლეთ ევროპაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის 65%-ის ტრანსპორტირება ხმელთაშუა ზღვის გავლით ხდება. მსხვილი მილსადენები აკავშირებს ლიბიას იტალიასთან, მაროკოს – ესპანეთთან. ამის გათვალისწინებით, ხმელთაშუა ზღვის აუზში ალიანსის სამხედრო ძალები მილსადენებს სისტემატურად აკონტროლებენ. 2003 წლის მარტიდან აქტიური ძალისხმევის ფარგლებში გიბრალტარის სრუტეში ხორციელდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების დროშით მცურავი არასამხედრო გემების თანხლება. ამ გადაწყვეტილების მიზანს წარმოადგენს ტერორისტული თავდასხმების აღკვეთა, რომლებიც მოხდა 2000 წელს იემენში აშშ-ის და 2002 წელს საფრანგეთის დროშით მცურავი ხომალდების წინააღმდეგ. 2003 წლის აპრილიდან ნატო სისტემატურად ამოწმებს საეჭვო ხომალდებს. ოპერაცია აქტიური ძალისხმევის ფარგლებში ალიანსის გემებმა და შვეულმფრენებმა განახორციელეს რამდენიმე სამაშველო ოპერაცია, მათ შორის, ნავთობჭაბურღილის პლატფორმიდან მუშებისა და მძირავი გემებიდან ეკიპაჟის ევაკუაცია. ალიანსის სამხედრო ძალების ყოფნამ ხმელთაშუა ზღვის წყლებში ხელი შეუწყო ნატოსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების (ალჟირის, ეგვიპტის, ისრაელის, იორდანიის, მავრიტანიის, მაროკოს, ტუნისის) მჭიდრო თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში, რადგან აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ეს ქვეყნები ალიანსის ძალებს აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს რეგიონულ წყლებში მცურავი გემების შესახებ. ნატოს გაძლიერებული ყოფნა ხმელთაშუა ზღვის აუზში წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტს და დადებითად აისახება გემების მიმოსვლაზე. აქტიური ძალისხმევა, ასევე, ხელს უწყობს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ოპერაციაში, გარდა ნატოს წევრი სახელმწიფოებისა, ჩართულები არიან ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიც.
ნატოს როლი ავღანეთში
2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა აშშ-ში განლაგებული სამიზნეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღად სამგზავრო თვითმფრინავები გამოიყენეს. მეორე დღეს, 12 სექტემბერს პირველად ალიანსის ისტორიაში, მოკავშირეებმა აამოქმედეს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი (ნატოს კოლექტიური თავდაცვის მუხლი) და ამით დაადასტურეს, რომ ნატოს ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა წარმოადგენს თავდასხმას ალიანსის ყველა წევრზე. ალიანსმა მიიღო შესაბამისი ზომები ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად. მან ოპერატიულად განათავსა ხომალდები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, რათა კოორდინაცია გაეწია და გამოეაშკარავებინა ის გემები, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ამ რეგიონში ხომალდების განთავსება და მათი პატრულირება ხდება აქტიური ძალისხმევის ოპერაციის (Active Endeavor) სახელით, რომელიც დღეს მთელ ხმელთაშუა ზღვის რეგიონს მოიცავს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიის განმავლობაში ორგანიზაციის მისია ავღანეთში იყო ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, ევროატლანტიკური სივრცის გარეთ. 2001 წლის დეკემბერში, ავღანეთიდან ტერორისტული დაჯგუფება ალქაიდასა და თალიბების დამარცხების შემდეგ, ავღანეთის ოპოზიციის ლიდერებმა ბონში (გერმანია) გამართეს კონფერენცია, რომელზეც განიხილეს ქვეყნის აღდგენისა და სამომავლო განვითარების პროცესი. შეხვედრაზე გადაწყდა ახალი სახელმწიფო სტრუქტურის – ავღანეთის დროებითი ხელისუფლების ჩამოყალიბება და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (International Security As- sistance Force – ISAF) ფორმირება.
2002 წლის იანვარში ავღანეთის დროებითმა ხელისუფლებამ და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების სარდლობამ ხელი მოაწერეს სამხედრო-ტექნიკურ ხელშეკრულებას (Military Technical Agreement), რომელშიც განისაზღვრა ISAF - ის ამოცანები. თავდაპირველად ISAF-ის მისიას ექვსთვიანი ვადით ცალკეული ქვეყნები ხელმძღვანელობდნენ და ოპერაციებზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებოდათ. 2003 წლის აგვისტოდან საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებზე სრული ხელმძღვანელობა ნატოს გადააბარეს. ISAF წარმოადგენდა გაეროს მან დატით მოქმედ საერთაშორისო ძალებს, რომელიც აერთიანებდა სამხედრო მოსამსახურეებს 51 ქვეყნიდან. მისიის მიზანი იყო ავღანეთის მთავრობის დახმარება უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში, რაც ქვეყნის განვითარებას შეუწყობდა ხელს. ISAF-ის თავდაპირველი მანდატი ქაბულითა (ავღანეთის დედაქალაქი) და მისი შემოგარენით შემოიფარგლებოდა, 2003 წლის ოქტომბრიდან კი მისია ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე გაფართოვდა. ოპერაციის გაფართოებასთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გაძლიერების მიზნით, ნატომ შექმნა ISAF-ის სარდლობას დაქვემდებარებული სამოქალაქო-სამხედრო პროვინციების სარეკონსტრუქციო ჯგუფები (Provincial Reconstruction Teams – PRT). ეს იყო სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებდნენ ავღანეთის პროვინციებში და ხელს უწყობდნენ ქვეყნის ხელისუფლებას, გაეძლიერებინა თავისი ძალაუფლება და უსაფრთხოება ავღანეთის რეგიონებში; იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების უსაფრთხოებას; მონაწილეობდნენ სკოლების, სამედიცინო დაწესებულებებისა და წყლის სისტემების აღდგენით სამუშაოებში; მხარს უჭერდნენ სამოქალაქო და სამხედრო პროექტების განხორციელებას.
ნატოს მისია ავღანეთში, რომელიც 13 წელიწადი გრძელდებოდა, 2014 წლის 28 დეკემბერს ოფიციალურად დასრულდა. ავღანეთმა დროთა განმავლობაში აჩვენა, რომ სამხედრო ოპერაციებს საკუთარი თავდაცვითი ძალებით, ISAF - ის მისიის საბრძოლო შეიარაღებული ძალების დახმარების გარეშე შეძლებდა. ნატოს ახალი პროგრამა - მტკიცე თანამშრომლობის მისია ავღანეთში 2015 წლიდან ამოქმედდა (RSM _ Resolute Support Mission in Afghanistan). ის სასწავლო და საკონსულტაციო ხასიათს ატარებს და ავღანელი სამხედროების დახმარებას ისახავს მიზნად. გადამწყვეტი მხარდაჭერის მისია ავღანეთში 2015 წლიდან დაიწყო ახალი, ორწლიანი მისია, სახელწოდებით, გადამწყვეტი მხარდაჭერა. მისიის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეების მოვალეობა, უმთავრესად, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნაა. ამ ოპერაციაში 42 ქვეყანა მონაწილეობს, სულ - 13.195 მოსამსახურე. საქართველო 2015 წლიდანვე ჩაერთო ავღანეთში ნატოს გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობით, რიგით მეორე კონტრიბუტორია.