საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის როლი კონფლიქტების აღკვეთაში

„ცხელი ხაზი ასრულებს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის თანამშრომლობის კატალიზატორის ფუნქციას. ამასთან, იგი ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას და ესკალაციის თავიდან აცილებას, წარმოადგენს ნდობის გაღრმავების შესანიშნავ ინსტრუმენტს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა.

 

2008 წელს, საქართველოში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოში გამოგზავნა სადამკვირვებლო მისია სიტუაციის სტაბილიზებისა და შემდგომი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით.  მისიის მიზანია, ხელი შეუწყოს გამყოფი ხაზების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენას.

 

მხარეებს შორის საიმედო და დაუყოვნებელი კომუნიკაციისთვის, მისიამ 2009 წლიდან შექმნა ცხელი ხაზის მექანიზმი, რომელიც კონფლიქტურ მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებს. ხაზის ამოქმედება დაძაბულობების განახლების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.  2009 წლიდან დღემდე ცხელი ხაზი თითქმის 6,000- ჯერ ამოქმედდა.

მისიის ცხელი ხაზი 24/7, წელიწადში 365  დღე მუშაობს. ცხელი ხაზის მეშვეობით  კონფლიქტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხეზე დროული კომუნიკაცია დგება, მათ შორის, როცა საქმე ეხება დაკავებებს, სამედიცინო მიზნით გამყოფი ხაზის გადაკვეთას, სასოფლო-სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობას, ღობეების მოწყობას, ე.წ. „საზღვრის ნიშნების“ დაყენებას გამყოფი ხაზების გასწვრივ და სხვ.

 

წლების განმავლობაში, ცხელი ხაზის მექანიზმმა დაძაბულობების განმუხტვაში ეფექტიანი როლი შეასრულა. როგორც კონფლიქტის მხარეები, ისე მედია და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობა ცხელი ხაზს წარმატებულ ინსტრუმენტად მიიჩნევენ.

21-06-2018