სასტუმრო „რედისონში“ ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ გახსნეს. ევროკავშირი-საქართველოს შორის ტრანსპორტის საკითხებში ამ ფორმატის დიალოგი პირველად ტარდება.
გიორგი ქობულიას თქმით 2019-2020 წლებში ლოგისტიკური და სატრასპორტო სისტემების განვითარებაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ.
"ევროკავშირისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური პარტნიორია საგზაო უსაფრთხოების კუთხით. ევროკავშირის შემოთავაზებით, საქართველოში შესაძლოა დაფძნდეს საგზაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრი, რომელიც იმუშავებს საგზაო უსაფრთხოების პროექტებზე რეგიონის სხვა ქვეყნებში", - აღნიშნა ქობულიამ.
ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის სატრანსპორტო დიალოგის მთავარი სტრატეგიული საკითხები იყო:
1. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
2. ევროპისა და აზიის დაკავშირებაში ევროკავშირის სტრატეგია
3. საგზაო ტრანსპორტისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა
4. ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარება.
"ჩვენ ვისაუბრეთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც დაეხმარება საქართველოს გააძლიეროს თავისი პოტენციალი ლოგისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით", - აღნიშნა ჰოლოლეიმ.
ჰენრიკ ჰოლოლეიმ საქართველოსთან საავიაციო თანამშრომლობაზეც ისაუბრა. „დღესდღეობით, საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამის მაჩვენებელია ყოველწლიურად 400 000-ით მეტი გადაყვანილი მგზავრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წლიდან, რაც, დაახლოებით, 9,3%-იანია ზრდაა ყოველწლიურად,“ - განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.