საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
„ევროპის დღეები 2022“- ის ფარგლებში პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ პედაგოგებსა და სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

17.05.22 - ოზურგეთი

„ევროპის დღეები 2022“- ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ევროპის დღის აღსანიშნად შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირი - საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და განაცხადის წარდგენიდან სრულყოფილი წევრობის მოპოვებამდე ქვეყნის მიერ გასავლელ გზასა და ეტაპებზე.

 

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

 

აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2022“, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ იმართება, 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.

17-05-2022