საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის ახალი მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა მიმართეს.

 

“საქართველომ დასავლეთი აირჩია. მისი საბოლოო მიზანია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ეს ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა და ამ გზაზე ის ბევრ სარგებელს ღებულობს, როგორც ეკონომიკურს, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით… თუმცა ბევრმა ადამიანმა არ იცის იმ სარგებელის შესახებ, რასაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საბოლოო ინტეგრაცია საქართველოს მოუტანს. ზუსტად ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაციის გავრცელებაში. აშშ-ის მთავრობამ ცენტრს გრანტის სახით ფინანსური რესურსი გამოუყო და მისი წყალობით შესაძლებელი გახდება რეგიონებში, განსაკუთრებით კი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებსა და მთიან რეგიონებში NATO-სა და ევროკავშირის შესახებ ხალხის ცნობიერების ამაღლებას”, - აღნიშნა  აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა.

 

„დღეს, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისგან გამოწვეული საფრთხეები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არაერთი ინიციატივა და რეფორმა განახორციელა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მიღწეული წარმატებების ფონზე, მზარდია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროდასავლური პოლიტიკის მიმართ უნდობლობის განცდის დამკვიდრებაა. ჩვენ პროპაგანდას არა კონტრპროპაგანდით, არამედ ქვეყნის წარმატებული რეფორმებით, ეკონომიკური წინსვლით, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებით და ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად მიღებული სარგებლის დემონსტრირებით ვპასუხობთ,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ წარადგინა. ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

 

18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

 

„ეს არის ჩვენი ცენტრის არსებობის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროექტი. განსაკუთრებით გვიხარია ის გარემოება, რომ ჩვენი პირველი მასშტაბური პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ“, - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

 

პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

პროექტს განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

22-10-2018