2015 წლის დეკემბერში ნატოს საგარეო მინისტერიალის განცხადებაში ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ „საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია“.
შესაბამისად, საქართველოს უკვე აქვს ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი და ე.წ. "მაპი" (MAP) მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილად რჩება.
საქართველო იყენებს პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის ყველა არსებულ ფორმატს, რათა გაზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას რაც ნატოს 29-ე წევრ ქვეყნად მონტენეგროს მიწვევაში გამოიხატა.
ნატოს გადაწყვეტილებების მიმღები უმაღლესი ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო (North- Atlantic Council), რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე 1949 წელს დაარსდა. ეს ერთადერთი ორგანოა, რომელიც უშუალოდ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (კერძოდ კი, მე-9 მუხლის) საფუძველზე ჩამოყალიბდა. საბჭო წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების უმაღლეს ორგანოს- ფორუმს, სადაც ყველა მის წევრს აქვს თანასწორი უფლებები, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრის გარეშე, კონსესუსის ( საერთო თანხმობის) მიღწევის შედეგად.
საბჭოს სხდომებს ძირითადად გენერალური მდივანი უძღვება. სხდომები შეიძლება გაიმართოს ნატოში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. საბჭო იკრიბება მინიმუმ კვირაში ერთხელ, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე- წელიწადში ორჯერ, ხოლო პრემიერ-მინისტრებისა და სახელმწიფოთა მეთაურობის დონეზე შეხვედრები საჭიროებისამებრ იკრიბება სამიტის დონეზე. საბჭოს ნებისმიერი დონის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყევტილებებს აქვთ თანაბარი სტატუსი და იურიდიული ძალა.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გარდა ნატოში არსებობს კიდევ ორი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო: თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტი (Defense Planning Committeee) და ბირთვული დაგეგმვის კომიტეტი (Nuclear Planning Committee), რომელთა სხდომებზე განიხილავენ მნიშვნელოვან სამხედრო საკითხებსა და კოლექტიური თავდაცვის დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ე.წ. "მაპი" 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე შემუშავებული გაწევრიანების სამოქმედო გეგმაა (Membership Action Plan - MAP), რომელიც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში ეხმარება. "მაპი" წარმოადგენს დროში გაწერილი რეფორმების გეგმას, რომელთა შესრულების შემთხვევაში და ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებით ქვეყანა გახდება ნატოს წევრი.
სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, არის ნატოს სანდო პარტნიორი და ჰყავს მაღალ დონეზე მომზადებული, ნატოსთან სრულად თავსებადი ჯარი.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამსახურს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული შედეგი. პოლიტიკურ ჭრილში, სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მიერ მათზე დაკისრებული მისიის სამაგალითოდ შესრულება დიდ წილად განაპირობებს საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალურობას და მოკავშირეების მხრიდან მყარი მხარდაჭერის მოპოვებას. ხოლო პრაქტიკული თვალსაზრისით, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით, სამხედრო მოსამსახურეები უნიკალურ სამხედრო გამოცდილებას იძენენ, რაც ხელს უწყობს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას. დღეისათვის დაახლოებით 14 000-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაირა შესაბამისი მომზადება. ეს გამოცდილება საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსს წარმოადგენს.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) სამხედრო- პოლიტიკური ალიანსია, რომელიც დღეისათვის უკვე 30 სახელმწიფოს აერთიანებს. ნატოს შექმნას 1949 წლის 4 აპრილს ქ. ვაშინგტონში მოეწერა ხელი.
ნატოს მთავარი მიზანი მისი წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაა. მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნატო თავის წევრ და მეზობელ ქვეყნებში, სამხედრო პოტენციალის ზრდაზე მეტად, დემოკრატიას, პიროვნების თავისუფლებას, მოქალაქეების უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას, ასევე, პოლიტიკური კრიზისების მშვიდობიან მოგვარებას უზრულველყოფს.
ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა, რაც ნიშნავს, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოზე აღიქმება, როგორც შეირაღებული თავდასხმა ორგანიზაციის ყველა წევრზე.
ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი კრიტერიუმები აღწერილია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლში, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს, ხელშეკრულებაში გაწევრიანების მიზნით, საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუძლიათ, მოიწვიონ ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში.
ეს არის ის ერთადერთი სავალდებულო დოკუმენტი, სადაც საუბარია ნატოს გაფართოების კრიტერიუმებზე. იმ რეფორმების გათვალისწინებით, რასაც საქართველო წლების განმავლობაში ახორციელებს, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები, იმ მაღალი თავსებადობის ხარისხის გათვალისწინებით, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვთ ალიანსის ძალებთან და იმ წვლილის გათვალისწინებით, რაც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, თავისი მონაწილეობით საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საქართველო აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რაც აღნიშნულია ნატოს ფუძემდებლურ ხელშეკრულებაში.
ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნიშნავს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და ცხინვალის (ამჟამად ოკუპირებულ) რეგიონებთან ერთად.
არსებობს არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დროს ტერიტორიული და საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციის პრობლემები ჰქონდათ. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია გაიყო ორად და აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარის მიერ. 1955 წელს დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა ნატოში, რამაც მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე, სტაბილური განვითარება განაპირობა. ცივი ომის დასრულებისა და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გერმანია გაერთიანდა და დღეს ის ნატოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი წევრია.
ასევე, საინტერესოა ბალტიის ქვეყნების მაგალითი. 2004 წელს, ნატოში გაწევრიანებისას ბალტიის ქვეყნებს საზღვრების დემარკაციის/ დელიმიტაციის საკითხები არ ჰქონდათ მოგვარებული რუსეთთან, ამ უკანასკნელის მხრიდან პროცესის გაჭიანურების გამო. მიუხედავად ამისა, მოკავშირეებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბალტიის ქვეყნები ნატოში მიეწვიათ არსებული მდგომარეობით და შემდგომ, მოლაპარაკებების გზით, მოეგვარებინათ არსებული ტერიტორიული საკითხები მეზობელთან. ამ გადაწყვეტილებამ ბალტიის ქვეყნების სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება განაპირობა.
ეს მაგალითები ადასტურებს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უსაფრთხო განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
ნატო მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსის პოზიციით, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ნატო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან. საქართველოს ნატოში გაწევრიანებით უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო და სტაბილური გარემო, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებასა და ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ აღმავლობას. აღნიშნული პროგრესი დაეხმარება საქართველოს, გახდეს მიმზიდველი ქვეყანა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის.
საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან 1992 წელს დაიწყო. მას შემდეგ საქართველომ ალიანსთან დაახლოების მნიშვნელოვანი გზა განვლო. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დინამიკური პროცესი კი დაიწყო 2004 წელს, როდესაც საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) შეიმუშავა. 2006 წელს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით და ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის პოზიტიური შეფასების შედეგად , ალიანსმა საქართველოსთან თანამშრომლობა „გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგის“ ფარგლებში განაგრძო.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო განცხადება, რომლითაც მოკავშირეებმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება ცხადად დააფიქსირეს. ეს გადაწყვეტილება ყველა მომდევნო სამიტზე განმეორდა. 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია (NGC) და საქართველომ ახალი პრაქტიკული მექანიზმის - წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) იმპლემენტაცია დაიწყო. წლიური ეროვნული პროგრამა თავისი არსით გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) პრაქტიკულ ნაწილს წარმოადგენს.
2012 წლის ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. 2014 წლის უელსის სამიტზე კი საქართველომ „არსებითი შესაძლებლობების პაკეტი“ მიიღო, რაც საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გამყარებასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თვისობრივად ახალ მექანიზმს წარმოადგენს. 2015 წლის აგვისტოში საქართველოში გაიხსნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი.
2016 წლის აპრილში აღნიშნულ ცენტრში პირველი საერთაშორისო სწავლება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს უელსის სამიტზე საქართველო, როგორც ნატოს სამშვიდობო ოპერაციების ღირსეული და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორთა ჯგუფში“ მიიწვიეს, რითიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალთავსებადობასა და პროფესიონალიზმს გაესვა ხაზი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - ჩრდილოატლანტიკური საბჭო - საქართველოში სამჯერ იმყოფებოდა: 2008, 2011 და 2013 წლებში. 2016 წლის სექტემბერში საბჭო კი საქართველოს მეოთხეჯერ ეწვია. ეს კი საქართველოს მიმართ ალიანსის მყარი პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა.
ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების დინამიკა ცალსახად პოზიტიურია. ყოველი მომდევნო ეტაპი აძლიერებს თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებს და ხელს უწყობს უსაფრთხოების სექტორის გამყარებასა და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.
ქვეყნის ნატოში გაწევრიანება არ არის დაკავშირებული ნატოს შეიარაღებული ძალების განთავსებასთან წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, ნატოს არ ჰყავს „ჯარი“. ალიანსის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს მისი წევრი ქვეყნების სამხედრო ძალები, რომლებიც მშვიდობიანობის დროს ეროვნული მთავრობის განკარგულებაში არიან. ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში, ნატოს ჯარის ან მისი სამხედრო ბაზის განთავსება ახლადგაწევრიანებული ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომატურად არ ხდება.
ვინაიდან ალიანსის მიზანი ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ნატოს სამხედრო შესაძლებლობები გამოიყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით და იმ შემთხვევაში, თუ მის წევრ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. ნატოში ყველა წევრი ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და თავად განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარება სჭირდება ნატოსგან. მაგალითად, ბალტიის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შემდეგ ალიანსმა, მათი მოთხოვნის საფუძველზე, დაიწყო ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საჰაერო სივრცის მუდმივი პატრულირება და დაცვა.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ ნატოსა და საქართველოს შორის კონსულტაციების შედეგად განისაზღვრება, თუ რა სახის დახმარებას საჭიროებს საქართველო და ამ დახმარების მიზანი მხოლოდ მისი უსაფრთხოების გამყარება იქნება. ამ გადაწყვეტილებას ალიანსი იღებს კონსენსუსის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ საამისოდ აუცილებელი იქნება თავად საქართველოს, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის, თანხმობა.
გავრცელებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თუ საქართველო უარს იტყვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და იქნება ნეიტრალური სახელმწიფო, მას აღარ დაემუქრება რუსეთის მხრიდან აგრესია და უმჯობესია, შევაჩეროთ ეს პროცესი. სახელმწიფოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ მას აღიარებენ მეზობელი დიდი სახელმწიფოები, რომლებიც, ამასთანავე, მოცემული ქვეყნის ნეიტრალიტეტის გარანტორებს უნდა წარმოადგენდნენ. ნეიტრალიტეტი, ამავდროულად, საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებლად თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ნეიტრალიტეტი გულისხმობს მთელ რიგ ვალდებულებებს: ქვეყანა არ უნდა მონაწილეობდეს არცერთ სამხედრო კონფლიქტში; არცერთ ეკონომიკურ თუ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების არც სურვილი და არც გეგმა არ უნდა გამოავლინოს. ასევე, დაუშვებელია მის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის გატარება და მით უმეტეს სამხედრო ბაზების არსებობა. ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, ცხადია, საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი მიუღებელი ალტერნატივაა.
საქართველოს მეზობელი - რუსეთის ფედერაცია - ვერ გახდება ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტის გარანტორი, ვინაიდან მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.
ამასთანავე, არაერთი მაგალითი გვაქვს თანამედროვე ისტორიაში იმისა, თუ როგორ უგულებელყო რუსეთმა სახელმწიფოების ნეიტრალიტეტი. შეგვიძლია, სულ მცირე, მოლდოვის რესპუბლიკის გამოცდილება განვიხილოთ: მოლდოვამ 1994 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, კონსტიტუციით ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, დღეს (ზუსტად 1990-იანი წლებიდან მოყოლებული), მოლდოვის რესპუბლიკაში არსებობს დნესტრისპირეთის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული. მოლდოვა წარმოადგენს საუკეთესო მაგალითს იმისა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტი მეზობელი დიდი ქვეყნის მიერ აღიარებისა და გარანტირების გარეშე, მხოლოდ ფურცელზე დაწერილ საგარეო პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, ნატოს წევრობის სურვილის უარყოფა მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ რუსეთისთვის გათავისუფლდება სივრცე და ჩვენს ქვეყანას უფრო მარტივად მოაქცევს თავის მარწუხებში ეკონომიკური, პოლიტიკური და, თუ დასჭირდა, სამხედრო მეთოდებით.
ნატო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც წევრი სახელმწიფოები ამარაგებენ მისი ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის საჭირო რესურსებით. არსებობს სამი ბიუჯეტი: ერთი სამოქალაქო და ორი სამხედრო. ყოველ წევრ ქვეყანას შეაქვს ბიუჯეტში გადასახადების გადანაწილების ფორმულით განსაზღვრული თანხა და ის განისაზღვრება თითოეული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით. ერთად აღებული, ეს ბიუჯეტები წარმოადგენენ მთლიანობაში ნატოს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტების ნახევარ პროცენტზე ნაკლებს.
თითოეული წევრის ფინანსური შენატანი ნატოში გაცილებით მცირეა, ვიდრე ის სარგებელი, რომელსაც ქვეყანა ალიანსის წევრობისაგან იღებს და ბევრად მცირე, ვიდრე დანახარჯი, რასაც ქვეყანა გასწევს ინდივიდუალურად, თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.