საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმის სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"- ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიურომ, ბათუმის სკოლასთან „მასტერ-კლასი“ თანამშრომლობით, სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.     

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი, მსმენელებს  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე  ესაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველო - ევროკავშირის   თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესის დადებით მხარეებსა და გამოწვევებზე, ასევე, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე. შეხვედრის  მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროსტრუქტურების მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივებზე, გამოწვევებზე და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დეტალებზე. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და  დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხებსა და მეთოდებს. სპიკერმა ევროკავშირის მიერ განათლების სფეროში გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება და  ახალგაზრდებს უვიზო მიმოსვლის საკითხებზეც ესაუბრა.

      

შეხვედრის დასასრულს სკოლის „მასტერ-კლასი“ პედაგოგებმა საინფორმაციო ცენტრთან ერთად სხვადასხვა ერთობლივი აქტივობის დაგეგმვაზეც ისაუბრეს და სურვილი გამოთქვეს ცენტრის ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობაზე.          

 

24-06-2020